სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ინფორმაციით, 2 აგვისტოს უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ენგელსში ორი ადამიანი დაიღუპა.
სარატოვსა და ენგელსში დაზიანდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსიც.
თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, რომელიც დაზიანებული მაღალსართულიანი შენობიდან 3,5 კილომეტრში მდებარეობს. OSINT-არხების ცნობით, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის ანალიზს ეყრდნობიან, ენგელსში იერიში იქნა მიტანილი, სავარაუდოდ, „ენგელს-2“-ის სამხედრო აეროდრომზე. როგორც უკრაინული არხი Exilenova+ იუწყება, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ასახულია სავარაუდოდ ავიაბაზის ტერიტორიაზე აფეთქების მომენტი.
2 აგვისტოს გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა ასევე მიიტანეს იერიში კომპანია Wildberries-ის კიდევ ერთ საწყობზე - სამარის მახლობლად, დასახლება ნოვოსემეიკინოში. ამის შესახებ თავად კომპანიამ და სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადეს. საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ
რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?ეს Wildberries-ის უკვე მეცხრე საწყობია, რომელსაც ივლისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული უკრაინული უპილოტოები დაესხნენ თავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 აგვისტოს ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის 635 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС აღნიშნავს, რომ ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური (დრონების) შეტევა მიმდინარე წლის დასაწყისიდან.
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ თავდასხმაზე, რეგულარულად ესხმიან თავს რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რაც ქვეყანაში საწვავის კრიზისს იწვევს. ბოლო კვირების განმავლობაში Wildberry-ის საწყობებიც გახდა სამიზნე.