რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ადგილობრივ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. შეტევა 2-დან 3 აგვისტოს ღამით იყო.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ დაწერეს ადგილობრივმა ტელეგრამ-არხმა „პეპელ ბელგოროდ“ და დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა „ასტრამ“. ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. ბელგოროდის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა ქალაქ ბელგოროდში შუაღამით გამოაცხადა როგორც დრონებით, ისე რაკეტებით შეტევის საფრთხის რეჟიმი, თუმცა სარაკეტო საფრთხე მალევე გააუქმა.
„პეპელ ბელგოროდის“ ინფორმაციით, შეტევა იყო ბელგოროდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორპუსზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავება და ტესტირება მიმდინარეობდა და შენობა მთლიანად დამწვარია.
გამოცემა „ასტრა“ წერს, რომ ბელგოროდის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, ის აპროექტებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ავტომატიზებულ სისტემას რუსული წარმოების მიკროპროცესორ „მილანდრის“ ბაზაზე და ეს სისტემა გამოიყენება ელექტროგადამცემი ხაზების მონიტორინგისთვის და აეროფოტოგადაღებისთვის.
- უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქს უკრაინის თავდაცვის ძალები პრაქტიკულად ყოველდღე უტევენ.
- კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის ამ და სხვა რეგიონებზე ინტენსიური დარტყმებით ომი მისი გამჩაღებლის, რუსეთის ტერიტორიაზეც გადაიტანეს.