უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული Wildberries-ის საწყობებს ვლადიმირის ოლქშიც დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა Wildberries-ის საწყობებს 2 აგვისტოს დაარტყეს სამარის ოლქშიც

3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე, ამჯერად ვლადიმირის ოლქში.

სობინსკის რაიონში მდებარე საწყობების ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

Wildberries-ის პრესსამსახურმა ვლადიმირის ოლქში მდებარე ობიექტზე შეტევა და ხანძარი დაადასტურა. რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.

Wildberries-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საწყობმა მუშაობა შეაჩერა.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებს 18 ივლისიდან უტევენ.

პირველ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებით, ნავიგაციის დანადგარებით და მოწყობილობებით.

Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლითაა აღძრული.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

Wildberries-ის საწყობებზე შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ ეს არის პასუხი უკრაინის ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალებზე რუსეთის ინტენსიურ დარტყმებზე.

1 აგვისტოს უკრაინის კიევის ოლქში რუსული დრონით შეტევა იყო ინტერნეტმაღაზია Rozetka-ს საწყობზეც.