რუსეთის კრასნოდარის მხარის საკურორტო ქალაქ გელენჯიკზე უკრაინული დრონებით შეტევისას ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ეს „დაზუსტებული ინფორმაცია" 3 აგვისტოს დღისით ტელეგრამ-არხით გაავრცელა კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ დაიღუპა სამი ადამიანი.
შტაბის თანახმად, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, ხოლო დაშავებულებს შორის ორი ბავშვი.
დრონი ჩამოვარდა დაბა არხიპო-ოსიპოვკის პლაჟზე. ეს დაბა ადმინისტრაციულად ქალაქ გელენჯიკის შემადგენლობაშია. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, შეტევა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, თუმცა კონკრეტულად რომელ ობიექტზე, არ უთქვამს.
არხიპო-ოსიპოვკიდან 27 კილომეტრშია „პუტინის სასახლედ“ წოდებული რეზიდენცია.
განახლება: კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე 16:00 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა და მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 40-მდე.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA წერს, რომ დრონი პლაჟზე ჩამოვარდა სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ზემოქმედების შედეგად. ASTRA-მ ანალიზის შედეგად დაადასტურა, რომ უკრაინული ტელეგრამ-არხის, Supernova+-ის მიერ გავრცელებული ვიდეო არხიპო-ოსიპოვკაშია გადაღებული. ვიდეოში ისმის ჯერ სროლის ხმა და შემდეგ ჩანს, რომ დრონი ნაპირზე ეცემა და ფეთქდება.
Supernova+-ის ინფორმაციით, პლაჟზე, სადაც დრონი ჩამოვარდა, რუსეთის მობილური საცეცხლე ჯგუფია განთავსებული.
უკრაინული ტელეგრამ-არხის ცნობითვე, ამ რაიონში დასასვენებელი ბაზა აქვს მოსკოვის ოლქის ქალაქ რეუტოვში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმო „მაშინოსტროენიეს“, რომელიც ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის შემუშავებითაა დაკავებული. უკრაინული არხის თანახმად, დრონს ამ დასასვენებელ ბაზამდე 300 მეტრი დააკლდა.
უკრაინას კრასნოდარის მხარეში რომელიმე ობიექტზე შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
რუსული გამოცემა ASTRA გელენჯიკის მცხოვრებლებსა და დამსვენებლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელი შეტევის გამო განგაში გამოცხადებული არ ყოფილა და პლაჟზე მყოფთათვის ევაკუაციისკენ არ მოუწოდებიათ.