ომის მოწინააღმდეგე რუსმა პოლიტიკოსმა - ბორის ნადეჟდინმა - რუსეთი დატოვა

ბორის ნადეჟდინი, ომის მოწინააღმდეგე რუსი პოლიტიკოსი

ომის მოწინააღმდეგე რუსმა პოლიტიკოსმა, ბორის ნადეჟდინმა, განაცხადა, რომ დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ის „უცხოეთის აგენტად“ შერაცხა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა.

3 აგვისტოს ბორის ნადეჟდინმა თავის ტელეგრამ-არხით გაავრცელა პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე გადაღებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს:

„ყველას მოგესალმებით. კარგი ამბავი მაქვს: ცოცხალი ვარ და თავისუფალი, ვაი, რომ ჯერჯერობით - არა რუსეთში.

ახლა მჭირდება მიმოვიხედო, რომ გავიგო, როგორ გავაგრძელო ცხოვრება. მოგვიანებით დავწერ ჩემს გეგმებზე“.

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობის კამპანიის დაწყებაზე 2026 წლის აპრილში გამოაცხადა. 10 ივლისს, მალევე მას შემდეგ, რაც თავისი კამპანიის დოკუმენტაცია წარადგინა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, რის საფუძველზეც აეკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. რამდენიმე დღეში ის დააკავეს და სასამართლოს 17 ივლისის გადაწყვეტილებით, 1000 რუბლით დააჯარიმეს - „ექსტრემისტული სიმბოლიკის გავრცელების“ გამო, რადგან მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ალექსეი ნავალნის ფოტო მოჩანდა. რუსული ონლაინ მედიასაშუალების - „მედიაზონის“ - ინფორმაციით, ნადეჟდინს პასუხისმგებლობა დაეკისრა ტელეგრამ-არხზე 2023 წელს გავრცელებული პოსტის გამო, რომელშიც მითითებული იყო მისი მონაწილეობით ონლაინსტრიმის ბმული: გადაცემაში, რომელშიც ნადეჟდინი მონაწილეობდა, ათი წამის განმავლობაში აჩვენეს ალექსეი ნავალნის ფოტო.

ასევე ნახეთ

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე კანდიდატ ბორის ნადეჟდინს საბოლოოდ უთხრა უარი რეგისტრაციაზე

19 ივლისს ბორის ნადეჟდინმა განაცხადა, რომ წყვეტს საარჩევნო კამპანიას, რადგან „უცხოეთის აგენტად“ ცნობისა და „ექსტრემიზმისთვის“ დაჯარიმების გამო, მას ჩამოერთვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება:

„ჩემთვის ამოიწურა რუსეთში ოპოზიციური პოლიტიკის ლეგალურად წარმოების შესაძლებლობები. იმედი მაქვს, დროებით. მზად არ ვარ, საფრთხე შევუქმნა მათ, ვინც მხარს მიჭერს და მონაწილეობდა ჩემს საარჩევნო კამპანიაში - ჩემი ოჯახი, ჩემი შტაბი, ხელმოწერების შემგროვებლები, ჩემი მხარდამჭერები. უნდა მოვიფიქრო, როგორ გავაგრძელო ცხოვრება. იმედი მაქვს, დავრჩები ცოცხალი და თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება კარგად, თუმცა უცებ - არა!“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

2024 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აკრძალა „უცხოეთის აგენტების“ ნებისმიერი დონის არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებზე დაკვირვება ან კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებად ყოფნა.

ასევე ნახეთ

რატომ აგროვებს პუტინის კონკურენტი ხელმოწერებს თბილისში, რუსეთის არჩევნებისთვის

ბორის ნადეჟდინის პოპულარობა გაიზარდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ის ხელმოწერებს საქართველოში - თბილისსა და ბათუმშიც - აგროვებდა, რისთვისაც სოციალური ქსელით გაავრცელა მოწოდებები საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ. 2024 წლის თებერვლის დასაწყისში, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნადეჟდინის მხარდამჭერთა მიერ შეგროვებული ხელმოწერების 15%-ში წუნი აღმოაჩინა და ის არ დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატად. ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა რუსეთის უზენაესმა სასამართლომაც.

ორი წლის წინ ონლაინგამოცემა SOVA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნადეჟდინმა 2008 წლის ომის დაწყებაში 90%-ით საქართველო და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

შეკითხვაზე, არის თუ არა „აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიები“, ნადეჟდინმა უპასუხა: „მე რუსეთში ვიმყოფები, გესმით ხომ? რუსეთში. რუსეთს ამჟამად აქვს ხელშეკრულებები ამ არაღიარებულ სახელმწიფოებთან. რუსეთმა, სხვათა შორის, აღიარა ისინი. ჩემი აზრით, რუსეთის გარდა, არავის უღიარებია. ლუკაშენკასაც კი არ უცნია. ამიტომ, ამ თემაზე გარკვეული საუბრის საფუძველი არსებობს“.

1990-იანების ბოლოს ბორის ნადეჟდინი იმ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ნემცოვის მრჩეველი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრ სერგეი კირიენკოს თანაშემწე. ნადეჟდინი სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო 1999-2003 წლებში.