კობახიძე: წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, მეფეების შეურაცხყოფაზე რეაგირებაა საჭირო

ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ე.წ. ეროვნული ფასეულობების დაცვის საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ „ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ“. 

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ხელოვანებისგან არის დაკომპლექტებული და მათი პოზიციით, საჯარო სივრცეში სიწმინდის შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია როგორია?“

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით კანონის შემუშავებაზე არ უმსჯელიათ.

„რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი. მათ უნდა სცადონ, ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს.

ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, - თქვა კობახიძემ.

იუმორის ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, გასულ კვირას ორმა საინიციატივო ჯგუფმა გამართა ბრიფინგი „ეროვნული ფასეულობების“ დაცვაზე საჭიროების შესახებ.

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა

22 ივლისს, გვიან საღამოს, ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს თავს დაესხნენ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს.

თავდასხმას წინ უსწრებდა ხელისუფლების მომხრე ტელემაუწყებლების მიერ გავრცელებული მცირე ნაწყვეტი იუტუბ-შოუდან, რომელშიც კომიკოსი პოპულარული მწერლის ხსენებისას უცენზურო სიტყვას იყენებს.

ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს სოციალური მედიით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა "მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა".

მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“.

კომიკოსზე თავდამსხმელი თავად გამოცხადდა პოლიციაში, ორი დღის შემდეგ კი 5000-ლარიანი გირაოთი (აღკვეთის ღონისძიება) გაათავისუფლეს.

„მზად ვართ, ციხეშიც წავიდეთ“

27 ივლისს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა და მისმა ოთხმა თანამოაზრემ ახალი მოძრაობის შექმნაზე ისაუბრეს. პრესკონფერენციის წინ მედიას აცნობეს, რომ „იქმნება ახალი მოძრაობა, რომელსაც მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე“.

„თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, - თქვა გიორგი ქართველიშვილმა.

ასევე ნახეთ

„მზად ვართ, ციხეშიც წავიდეთ“ - კანონიერია თუ უკანონო „მყისიერი რეაგირების“ დაჯგუფება?

„ეროვნული ფასეულობების“ დაცვისთვის კიდევ ერთი ჯგუფი

მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ 30 ივლისს განაცხადეს, რომ იქმნებოდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც „ეროვნული ფასეულობების“ დაცვისთვის საკანონმდებლო საფუძვლების მომზადებაზე იმუშავებდა

„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს", - წაიკითხა მიმართვის ტექსტი გიორგი შანიძემ.

ასევე ნახეთ

"ეროვნული ფასეულობების" დაცვას კიდევ ერთი ჯგუფი გეგმავს