უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გაათავისუფლა ქვეყნის ელჩები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
ზელენსკის მიერ 3 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანებით, ოლჰა სტეფანიშინა გათავისუფლდა აშშ-ში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა სტეფანიშინა აშშ-ში ელჩად 2025 წლის აგვისტოში დანიშნა. ელჩობამდე სტეფანიშინა იყო უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში, მანამდე კი ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და იუსტიციის მინისტრი.
ოლჰა სტეფანიშინამ 3 აგვისტოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან წასვლა იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც პირადი გარემოებებითაა ნაკარნახევი.
- ბოლო ხანს უკრაინული მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ სტეფანიშინა აშშ-ში ელჩის თანამდებობას დატოვებდა, რადგან პრეზიდენტ ზელენსკის ამ თანამდებობაზე რუსტემ უმეროვის დანიშვნა სურს.
- უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი რუსტემ უმეროვი კიევის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთთან აშშ-ის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე.
- 3 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა უმეროვი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.
ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გადადგომას სთხოვდა, ოლჰა სტეფანიშინამ ვაშინგტონში ივლისის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო.
28 ივლისს ოლჰა სტეფანიშინა მონაწილეობდა უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაში, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა. მაისში სტეფანიშინამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს, კრიტიკულადაა დამოკიდებული აშშ-ზე და უკრაინა მზად არის დააფინანსოს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების შეძენა.
8 ივლისს ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ საზენიტო სისტემა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია. 28 ივლისს ზელენსკიმ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია. შეხვედრიდან სამ დღეში ტრამპმა თქვა, რომ Patriot-ი განსაკუთრებული იარაღია და მისი წარმოების უფლების გაცემისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ასევე ნახეთ
მზარდი მსხვერპლის ფონზე, ზელენსკი აცხადებს, რომ "პასუხებია" საჭირო Patriot-ის სისტემის მიწოდებაზეუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 აგვისტოს თანამდებობებიდან გაათავისუფლა ქვეყნის ელჩები ავსტრიაშიც, ტუნისში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და სინგაპურში. ასევე, უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში საკადრო ცვლილებების მიზეზი არ განუმარტავთ.