4 აგვისტოს გამთენიისას აფეთქებები იყო მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადა. სხვა წყაროების თანახმად, სამიზნე ისევ ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-ის საწყობები იყო.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 6 ადამიანი. გუბერნატორის ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა ქალაქ ჩეხოვის სამრეწველო ზონაში, ყველაზე ძლიერი - საწყობში და ამავე რაიონში დაზიანებულია ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობაც.
კონკრეტულად რომელ საწყობზე იყო დარტყმა, ვორობიოვს არ დაუკონკრეტებია. დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დრონებით შეტევა იყო ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-ის საწყობებზე.
განახლება: 4 აგვისტოს დილის ათი საათისთვის მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დაზუსტებული მონაცემებით, ქალაქ ჩეხოვში დაშავებულია 10 ადამიანი.
ასევე ნახეთ
რუსეთის ჯარებმა ნიკოლაევს და სუმის დაარტყეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიანდრონებით შეტევის შედეგად „სასაწყობე ზონის დაზიანების“ შესახებ განაცხადა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ეს ზონა დაბა კრასნი ბორში მდებარეობს. დაშავდა ერთი ადამიანი.
გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ კრასნი ბორში ხანძარია იმ ტერიტორიაზე, სადაც საწყობები აქვთ Wildberries-ს და ონლაინ-ვაჭრობის კიდევ ერთ ქსელს, „ლენტას“.
4 აგვისტოს დილით Wildberries-მა დაადასტურა, რომ კრასნი ბორში დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი მის საწყობებში გაჩნდა.
განახლება: 4 აგვისტოს დღისით „ლენტას“ წარმომადგენლებმა რუსულ რადიოსადგურ „რბკ"-ს და სააგენტო „როიტერსს" განუცხადეს, რომ ლენინგრადის ოლქში დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია ქსელის გამანაწილებელ ცენტრში და მიმწოდებლებისგან საქონლის მიღება შეჩერებული იყო.
რუსეთის ტვერის ოლქის გუბერნატორ ვიტალი კოროლიოვის ცნობით, დრონის „ნამსხვრევმა ნაწილობრივ დააზიანა” Wildberries-ის საწყობის კედელი ქალაქ ტვერთან მდებარე დაბა ემაუსში.
ასევე ნახეთ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული Wildberries-ის საწყობებს ვლადიმირის ოლქშიც დაარტყესგანახლება: უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ(„მადიარი“) თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ 4 აგვისტოს დრონებით დაარტყეს Wildberries-ის ლოგისტიკურ ჰაბს ლენინგრადის ოლქის დასახლება კრასნო ბორში. მადიარის თანახმად, საერთო ჯამში, 18 დღის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს Wildberries-ის 15 ობიექტს და მათგან 13 დამწვარია.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებს 18 ივლისიდან უტევენ. კომპანიის ლოგისტიკის ცენტრებზე ივლისში დრონებით დარტყმა იყო მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებშიც.
პირველ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებით, ნავიგაციის დანადგარებით და მოწყობილობებით.
რუსული Forbes-ის დათვლით, ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლია.
Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლითაა აღძრული.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.
Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, მისი გამყიდველების წლიური ბრუნვა 2,9 ტრილიონ რუბლს აჭარბებდა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავდა. ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
Wildberries-ის საწყობებზე შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ ეს არის პასუხი უკრაინის ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალებზე რუსეთის ინტენსიურ დარტყმებზე.
აგვისტოს დასაწყისში უკრაინის კიევის ოლქში რუსული დრონებით შეტევა იყო ინტერნეტმაღაზია Rozetka-ს საწყობზეც.