როგორ ხდება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ლოგისტიკის ლიკვიდაცია ანექსირებულ ყირიმში და უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთ ნაწილში - როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე. Krym.reallii აანალიზებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების ეტაპებს.
რამ მისცა უკრაინას საშუალება, მასობრივი შეტევა დაეწყო რუსეთის სამხედრო ლოგისტიკური ობიექტების წინააღმდეგ? რატომ არ შეუძლია რუსეთს თავისი გემების დაცვა შავ და აზოვის ზღვებში? როგორ ცდილობს რუსეთის ხელისუფლება ყირიმის ნახევარკუნძულის მომარაგების უზრუნველყოფასჩონგარისადაგენიჩესკისგავლით?
რუსული სამხედრო ლოგისტიკის ლიკვიდაციის მიზნით უკრაინის ოპერაციის საზღვაო ფაზამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგები. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტბროვდის(„მადიარი“) თქმით, დაზიანებული გემების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მწყობრიდან გამოჰყავთ „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ტანკერები და მშრალი ტვირთმზიდები, ასევე რუსეთის სხვა ხომალდები როგორც აზოვის, ასევე შავ ზღვაში.
საზღვაო ოპერაციები „უკვე შევიდა მსოფლიო სამხედრო-საზღვაო ისტორიაში“
6 ივლისს საზღვაო ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ასობით ერთეული. ე.წ. მცირე და საშუალო კურიერული ტანკერის მოქმედება პარალიზებულია. ისინი ვერ ახერხებენ რუსეთის ფედერაციის ბაზებიდან და ტერმინალებიდან ნავთობპროდუქტების უფრო დიდ ტანკერებზე გადატანას ვოლგა-დონის არხითა და აზოვის ზღვის გავლით, აღნიშნავს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტბროვდი. ამის გამო შეზღუდულია ანექსირებულ ყირიმში აზოვის ზღვის ვიწრო გასასვლელით დეფიციტური ბენზინის მიწოდება.
კადრი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ვიდეოდან: თავდასხმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერზე აზოვის ზღვაში, 2026 წლის 7 ივლისი.
„ჩვენ „ვზრუნავთ“ მათ ყველა სახის ლოგისტიკაზე, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გადაიყვანონ პირადი შემადგენლობა, გადაზიდონ საბრძოლო მასალა და გადაიტანონ სხვა სამხედრო ინსტრუმენტები, საშუალებები და ძალები, რომლებიც გამოიყენება ჩვენს წინააღმდეგ სამხრეთში ან რომლებსაც უკრაინის მიმართულებით ისვრიან ყირიმის ნახევარკუნძულიდან. ისტორიაში პირველად, ჩვენ ამას ვაკეთებთ სახმელეთო ოპერაციის გარეშე. ჩვენ ვქმნით პირობებს, რომლებიც ხელს უშლის მათ ყოფნას ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის დაკარგვის გარეშე“, ამბობს რობერტ ბროვდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი
უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებები აზოვისა და შავი ზღვების წყლებში უკვე შევიდა მსოფლიო სამხედრო ისტორიაში, აცხადებს ექსპერტი, შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და პორტალ BlackSeaNews მთავარი რედაქტორი ანდრი კლიმენკო. ამის შესახებ მან Krym.Realii-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ თითქმის ოთხი ათეული გემი დაზიანდა ან ჩაიძირაანდრი კლიმენკო
„აზოვისა და შავი ზღვის წყლებში ოპერაციები, სადაც ასობით გემი (ტანკერები და მშრალი ტვირთმზიდები - რედ.) განადგურდა, უკვე შევიდა მსოფლიო სამხედრო-საზღვაო ისტორიაში. ნებისმიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი იქმნება იმისთვის, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, დაიცვას საკუთარი საზღვაო მიმოსვლა. ამიტომ ახლა ჩვენ მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ვერ ახერხებს საკუთარი გემების დაცვას - ისინი დაუცველია. ჩვენი სტატისტიკის თანახმად, ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ თითქმის ოთხი ათეული გემი დაზიანდა ან ჩაიძირა - ძირითადად შავ ზღვაში, ასევე ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში“, აღნიშნავს ანდრი კლიმენკო.
შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი ანდრი კლიმენკო
ანდრი კლიმენკო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გემებზე თავდასხმების მიზანია მათი მწყობრიდან გამოყვანა და არა ჩაძირვა.
„თითოეული მათგანი კარგავს ან სამართავ სათავსოს მთელი თავისი აღჭურვილობით, ან, პროფესიონალურ ენაზე რომ ვქვათ, პროპელერის ჯგუფს - ანუ საჭეს და პროპელერებს - რის გამოც ტანკერი ვეღარ მოძრაობს. რატომ ხდება ეს ასე? იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რომ მოგვიწევს ცხოვრება ამ ზღვის სანაპიროებზე - როგორც შავ, ასევე აზოვის ზღვაში. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ უზარმაზარი ზიანის მასშტაბებს, რომელიც უკვე მიადგა ჩვენს წყლებს: დელფინები იხოცება, ფაუნა იცვლება და წყლის ხარისხი უარესდება. აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ტაქტიკა - რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენივე ზღვებისთვის ეკოლოგიაზე მიყენებული ზიანი“, აღნიშნავს ექსპერტი.
კადრი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ვიდეოდან: დარტყმა რუსეთის ტანკერზე შავ ზღვაში
არ გვჭირდება აზოვის ზღვაში აბსოლუტურად ყველა ტანკერისა და მშრალი ტვირთმზიდის ჩაძირვა, რომლებსაც ნავთობპროდუქტები ან სხვა ტვირთი გადააქვთ. ჩვენი ამოცანაა, შევაჩეროთ ტვირთის გადაზიდვაპავლო ლაქტიონოვი
ნომერი პირველი ამოცანაა რუსეთის საზღვაო ლოგისტიკის შეჩერება, - ხაზგასმით აღნიშნა 414-ე ბრიგადა „Nemesis-ის“ მეთაურის მოადგილემ, პავლო ლაქტიონოვმა Krym.Realii-სთან ინტერვიუში.
„საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ საზღვაო სამიზნეებზე თავდასხმისთვის, საშუალებას გვაძლევს, დავბლოკოთ საზღვაო ლოგისტიკა. და ეს ჩვენი მთავარი მიზანია. საზღვაო ლოგისტიკა უნდა შევაჩეროთ. არ გვჭირდება აზოვის ზღვაში აბსოლუტურად ყველა ტანკერისა და მშრალი ტვირთმზიდის ჩაძირვა, რომლებსაც ნავთობპროდუქტები ან სხვა ტვირთი გადააქვთ. ჩვენი ამოცანაა, შევაჩეროთ ტვირთის გადაზიდვა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვეტყვი მტერს: ჩვენ ყველაფერი ვიცით - რა, ვინ და სად მდებარეობს, ასევე გემების ტიპები; ჩვენ ვიცით, სად უნდა დავარტყათ; ჩვენი პილოტები კარგად არიან ინფორმირებული, შემუშავებულია ყველა საშუალების გამოყენების ტაქტიკა. ჩვენ ვიცით, სად უნდა დავარტყათ და ზუსტად მიზანში ვურტყამთ“, ხაზგასმით აღნიშნა პავლო ლაქტიონოვმა.
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 414-ე ბრიგადა „Nemesis-ის“ მეთაურის მოადგილე პავლო ლაქტიონოვი.
უკრაინის მიერ შეძენილი დამრტყმელი საშუალებების არა მხოლოდ რაოდენობამ, არამედ ხარისხმაც განაპირობა ბოლო თვეებში რუსეთის ჯარების ლოგისტიკაზე ასეთი წარმატებული თავდასხმები, მიაჩნია სამხედრო პორტალ Defense Express-ის კომენტატორს, ივან კირიჩევსკის. კამიკაძე დრონი „ჰორნეტის“ უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ არის დამოკიდებული GPS-ზე ან თანამგზავრულ სიგნალზე. ის იყენებს ვიზუალური დამიზნების სისტემას სპეციალიზებული კამერების მეშვეობით. ეს მას რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისთვის მიუწვდომელს ხდის
თავისი როლი ითამაშა შესაძლებლობების დივერსიფიკაციამ, რაც მრავალფეროვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევაივან კირიჩევსკი
„მაგალითად, შარშან ზაფხულში იგივე „ჰორნეტები“, თუ ღია წყაროებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ჯერ არ იყო. ამ „ჰორნეტებს“ მოეპოვება საკმაოდ მაღალი სიჩქარე, მოქმედების შორი მანძილი და დამიზნების სისტემის თავისებურებები, რაც შესაძლებელს ხდის ამ მოძრავ სატვირთო მანქანებზე დარტყმებს. ამავე დროს გაგვიჩნდა შორ მანძილზე მოქმედი დრონი Firepoint, ამასთან საკმაოდ იაფი. ერთი ცალის ოფიციალური ფასიც კი 55 ათასი დოლარია.“ და, რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა შესაძლებლობების დივერსიფიკაციამ, რაც მრავალფეროვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა: ბოლოს და ბოლოს, დარტყმის ეფექტიანობის დასადასტურებლად და, საჭიროების შემთხვევაში, მისი განმეორებისთვის საჭიროა თანამგზავრული სურათი და, შესაძლოა, სადაზვერვო მონაცემები. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორების კომბინაციამ იმუშავა“, აღნიშნავს ივან კირიჩევსკი.
სამხედრო ექსპერტი, სამხედრო პორტალ Defense Express-ის მიმომხილველი ივან კირიჩევსკი
დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკულ ობიექტებზე 120-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ფრანგული ოსინტერის, Clément Molin-ის ცნობით, ფაქტობრივად, ამ დარტყმების 50% ანექსირებულ ყირიმში განხორციელდა.
ბალაკლავის თბოელექტროსადგური უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ 2026 წლის 14 ივლისს დრონებით თავდასხმის შემდეგ. კადრი ტელეგრამის არხ „კრიმსკი ვეტერის“ ვიდეოდან.
დარტყმები ხორციელდება როგორც ელექტროქვესადგურებზე და ენერგეტიკულ კვანძებზე ყირიმში, ასევე დიდ ელექტროსადგურებზე. ბალაკლავის თბოელექტროსადგური სიდიდით მეორეა ყირიმის ორ უდიდეს ელექტროსადგურს შორის. უკრაინის სპეცოპერაციის ძალები აცხადებენ, რომ დაზიანდა სადგურის ტურბინის გაგრილების სისტემა. „მედუზამ“ ღამის თანამგზავრული სურათების გაანალიზებით დაადგინა, რომ ივნისის ბოლოს ყირიმში საერთო განათება ნორმასთან შედარებით ხუთჯერ შემცირდა.
ხანძარი ბელოგორსკის 110/35/10 კვ ქვესადგურზე დარტყმის შემდეგ. ბელოგორსკის ოლქი, ყირიმი, 2026 წლის 3 ივლისი. სკრინშოტი უკრაინის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოდან.
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვედანაყოფი, რომელიც ელექტროკვანძებს ურტყამს, არის 412-ე ბრიგადა „Nemesis“. ბრიგადის მეთაურის მოადგილე აღნიშნავს, რომ მათი მისიაა, რუსეთს დაუკარგოს თავისი სამხედრო დაჯგუფების მომარაგების შესაძლებლობა.
მტერს არ უნდა შეეძლოს თავისი ჯარებისა და ობიექტების მომარაგება, მათ შორის - ელექტროენერგიით.პავლო ლაქტიონოვი
„სინამდვილეში ენერგეტიკა - ელექტროენერგიის გამომუშავება, ელექტროენერგიის განაწილება, გაზის გამომუშავება, გაზის საცავები - მტრის ლოგისტიკის საკვანძო კომპონენტებია. ჩვენ მას უნდა გადავუჭრათ მათი მომარაგება. მტერს არ უნდა შეეძლოს თავისი ჯარებისა და ობიექტების მომარაგება, მათ შორის - ელექტროენერგიით. როდესაც სამხედრო ქვედანაყოფებში ითიშება ელექტრომომარაგება, რაც აუცილებელია სამეთაურო პუნქტების, სახელოსნოებისა და აკუმულატორების დატენისთვის, ისინი იძულებული ხდებიან, სარეზერვო ელექტრომომარაგებაზე გადავიდნენ. ეს კი არის გენერატორები, რომლებსაც საწვავი სჭირდებათ. მაგრამ საწვავთან დაკავშირებით ასევე იქმნება პრობლემები, რომლებსაც ვუქმნით მათ ლოგისტიკის დარღვევით. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეებმა უნდა გაიგონ, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს გარკვეული შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდებიან“, აღნიშნავს პავლო ლაქტიონოვი, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 412-ე ბრიგადა „Nemesis-ის“ ის მეთაურის მოადგილე.
ტაბლო კომპანია ATAN-ის ბენზინგასამართ სადგურზე სიმფეროპოლში, 2026 წლის 1 აგვისტო.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 50%-მდე გამოიყვანეს მწყობრიდან, აღნიშნავს შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი ანდრი კლიმენკო. თავდასხმის ეს ხაზი უნდა გაძლიერდეს, ამასთან, უნდა მოხდეს პორტებში რუსული ლოგისტიკური შესაძლებლობების დაბლოკვა.
ხანძარი კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მოსკოვის ოლქი, 2026 წლის 16 ივნისი.
ისინი შემდგომშიც შეეცდებიან ყველაფრის გარემონტებას და ჩვენც გავაგრძელებთ ჩვენს სამუშაოსანდრი კლიმენკო
„მართლა, დაახლოებით 50 პროცენტი. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს სამუდამოდ ასეა. რუსეთში, რა თქმა უნდა, ცდილობენ ამ ყველაფრის გამოსწორებას, ხომ ვხედავთ, ბენზინის როგორი კრიზისი მოედო მთელს ქვეყანას. გასაგებია, რომ სანქციების პირობებში ეს არის რთული აღჭურვილობა. და თუ დაზიანებულია ისეთი დანადგარები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე გადაამუშავებენ ნედლ ნავთობს სხვადასხვა პროდუქტად და ქიმიურ კომპონენტებად, მაშინ საქმე ეხება იმპორტულ ტექნიკას, ძირითადად ამერიკულს ან ევროპულს, რთული კომპიუტერული სისტემებით. და ჩინეთსაც დიდად არ შეუძლია აქ დახმარება. რა თქმა უნდა, ასეთ ინდუსტრიებში ყოველთვის არის გარკვეული რაოდენობის აღჭურვილობის მარაგი „ყოველი შემთხვევისთვის“, მაგრამ ეს რეზერვები უსასრულო არ არის. ამიტომ, ისინი შემდგომშიც შეეცდებიან ყველაფრის გარემონტებას და ჩვენც გავაგრძელებთ ჩვენს სამუშაოს. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ექვსი თვიდან ერთ წლამდე ზოგიერთ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხუთჯერ, შვიდჯერ და ათჯერაც კი მიაყენეს დარტყმა“, აღნიშნავს ანდრი კლიმენკო.
დარტყმები ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო“ დერეფანზე
რუსეთის არმიისთვის ყირიმისკენ მიმავალი „სახმელეთო დერეფანი“ ამჟამად პარალიზებულია. პარტიზანული მოძრაობა „ატეში“ აცხადებს, რომ რუსეთის სარდლობამ განკარგულება გასცა, სახმელეთო დერეფანში სამხედრო კოლონები შეურიონ სამოქალაქო ტრანსპორტის ნაკადს, რათა შემცირდეს დრონების დარტყმების რისკი.
„ოკო ჰორას“ ანალიტიკოსებმა მაისსა და ივნისში ამ დერეფანში რუსეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკაზე 132 დარტყმა დაადგინეს. ფრანგმა OSINT-ის მკვლევარმა Clement Molin-მა მაისიდან მოყოლებული უკრაინული ბრიგადების, კორპუსებისა და ქვედანაყოფების სოციალურ ქსელებზე დაითვალა თავდასხმების ამსახველი 270 ვიდეოჩანაწერი.
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული სატვირთო მანქანა ყირიმისკენ მიმავალ რუსულ „სახმელეთო დერეფანში“, 2026 წლის 19 ივნისი.
„იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც აღმოჩნდნენ ჩვენი ქვედანაყოფი და ბრიგადა, გადავწყვიტეთ, მთავარი მარშრუტის გასწვრივ ლოგისტიკა დაგვერღვია, რათა მტრის სამხრეთის დაჯგუფების მომარაგებისთვის ხელი შეგვეშალა. ლაპარაკია მთავარ არტერიაზე - მარიუპოლი-ბერდიანსკი-მელიტოპოლის ტრასაზე, ე.წ. „ნოვოროსიაზე“. არსებული საშუალებების - შუალედური დარტყმების - გამოყენებით დავიწყეთ ლოგისტიკურ კოლონებზე თავისუფალი ნადირობა, რაც სწრაფად აისახა მათ მომარაგებაზე. მტრის სარდლობამ სამხედრო მანქანების გადაადგილებისა და ალტერნატიული მარშრუტების გამოყენების აკრძალვის ბრძანებაც კი გასცა. ეს იყო მხოლოდ პირველი ეტაპი - სახმელეთო ლოგისტიკა“, იხსენებს მაისში ოპერაციის დაწყებას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 414-ე ბრიგადა „Nemesis-ის“ მეთაურის მოადგილე პავლო ლაქტიონოვი.
რუსეთის სამხედრო ტექნიკა R-280 გზატკეცილზე უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 412-ე ბრიგადის დრონის სამიზნეში, 2026 წლის მაისი.
კრიტიკული კვანძი - ჩონგარი და გენიჩესკის სრუტე
ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან ანექსირებული ყირიმისკენ და უკან მომავალი გზები რუსული სამხედრო ტვირთების მიწოდების მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მარშრუტებად რჩება. კრიტიკული კვანძებია ჩონგარის ხიდი და გენიჩესკის გადასასვლელი.
ნგრევა ჩონგარის ხიდზე, 2026 წლის 12 ივნისი.
რადიო თავისუფლების პროექტ „სხემის“ გამომძიებელი ჟურნალისტი კირილო ოვსიანი 2022 წლიდან იკვლევს ყირიმის ნახევარკუნძულის სატელიტურ სურათებს და მან ყურადღება მიაქცია იმას, თუ როგორ ამაგრებს რუსეთი გზებს ყირიმთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ის აღნიშნავს, რომ გენიჩესკის მახლობლად ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ნავმისადგომებისკენ მისასვლელი დამატებითი გზის მშენებლობა.
ტონკის სრუტეზე გადასასვლელის ზედა ნაწილი 2026 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, გენიჩესკი, ხერსონის ოლქი.
ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე ასფალტი დაიგო იქ, სადაც ადრე გრუნტის გზა გადიოდა დამატებით ხიდზეკირილ ოვსიანი
„როგორც ჩანს, ის სრულად არ არის დასრულებული, რადგან ის ჯერ არ უკავშირდება გზას. ბოლომდე გაურკვეველია, თუ რატომ შენდება, მაგრამ ის გვერდს უვლის ადგილობრივ საკონტროლო პუნქტს. ასევე ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე ასფალტი დაიგო იქ, სადაც ადრე გრუნტის გზა გადიოდა დამატებით ხიდზე. როგორც ჩანს, აქ რაღაც გზა შენდება და მისი მშენებლობა გრძელდება. შესაძლოა, უფრო დიდი სატრანსპორტო კვანძი იყო დაგეგმილი, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დამატებითი მისასვლელი გზები ჩანს. ძნელი სათქმელია, ზუსტად რა არის დაგეგმილი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ნამდვილად მიმდინარეობს“, ამბობს კირილო ოვსიანი.
რადიო თავისუფლების პროექტ „სხემის“ გამომძიებელი ჟურნალისტი კირილო ოვსიანი.
ჩონგარის რაიონში რუსეთის არმია აშენებს ორ პონტონურ გადასასვლელს და მესამესთან მისასვლელ სამშენებლო გზას, ასევე ამონტაჟებს ფართომასშტაბიან ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. ადრე ამ ტერიტორიაზე ხიდები სერიოზულად იყო დაზიანებული, საყრდენებამდეც კი, რამაც რუსეთის ჯარები აიძულა, ალტერნატიული პონტონური გადასასვლელები განეთავსებინათ.
ჩონგარის სრუტეზე გადასასვლელი 2026 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.
„ზოგიერთი გრუნტის გზა მთლიანად მოასფალტებულია და გაჩნდა ალტერნატიული მარშრუტები და მისასვლელი გზები მთავარ მაგისტრალებზე, სადაც ეს ხიდები მდებარეობს. ვხედავთ, რომ გენიჩესკის მახლობლად ისინი უკვე ასფალტს აგებენ ამ ახლად აშენებულ გადასასვლელზე. მსგავსი სიტუაციაა ჩონგარის მახლობლად: ხიდის ნაცვლად სრუტეზე შენდება ახალი კაშხალი-გადასასვლელი. „ვიზუალურად რჩება შთაბეჭდილება, რომ სარაკეტო დარტყმებით მისი დანგრევა ისეთი ადვილი არ იქნება, როგორც ჩვეულებრივი ხიდისა, რომელიც იქ ადრე იდგა“, ამბობს კირილო ოვსიანი, პროექტ „სხემის“ გამომძიებელი ჟურნალისტი.
ადრე, ხერსონის რეგიონული საბჭოს დეპუტატი სერჰი ხლანი რადიო თავისუფლებას მოუყვა, როგორ ცდილობენ რუსი სამხედროები ჩონგარისა და არაბატის ნაპირზე ხიდებზე თავდასხმების შედეგად შეწყვეტილი სატრანსპორტო კავშირების აღდგენას.
ხერსონის რეგიონული საბჭოს დეპუტატი სერჰი ხლანი
„ჩონგარის ხიდი ამჟამად მკაცრად არის დაცული, იქ განლაგებულია დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები. რაც შეეხება არაბატის ცელასკენ მიმავალ ხიდებს, ისინი იყენებენ იმ სანატორიუმებიდან მიღებულ სამშენებლო ნარჩენებს, რომლებიც სამხედრო ბაზებად გამოიყენებოდა და სადაც ჩვენი დრონები ბოლო დროს ზუსტად აღწევენ, ფაქტობრივად აცამტვერებენ მათ. ისინი ამ ნარჩენებს იყენებენ სრუტის შესავსებად არაბატის ცელასა და გენიჩესკს შორის, სადაც ჩვენმა უპილოტო სისტემების ძალებმა ხიდები გაანადგურა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ქმნიან ერთგვარ ნაყარ ხიდს. ხოლო მეორე მხარეს, ზღვასთან უფრო ახლოს, განალაგეს პონტონური ხიდი, რომელიც დაფარულია დრონების საწინააღმდეგო ბადით“, თქვა სერჰი ხლანმა.
ასევე ნახეთ
რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?რუსეთის არმიას ჰყავს საკმაოდ ძლიერი საინჟინრო სამსახურები, რომლებსაც შეუძლიათ ინოვაციური და სწრაფი გადაწყვეტილებების პოვნა, აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი ივან კირიჩევსკი.
რუსებისთვის, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გარკვეული სეგმენტების დეგრადაციის მიუხედავად, ინჟინერია კვლავ ძლიერ მხარედ რჩებაივან კირიჩევსკი
„ვფიქრობ, მათ უკვე გააკეთეს მსგავსი რამ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან: გათხარეს ორმო, იქ ჩაუშვეს ხრეშით დატვირთული ვაგონები და ისინი ნაყარის საძირკვლად გამოიყენეს. ის გადაიქცა ერთგვარ მრავალშრიან მატრიოშკად, რომლის გატეხა შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, [უკრაინელებს] მოუწიათ, პირდაპირ საავტომობილო ტრანსპორტზე ეწარმოებინათ დარტყმები. რუსებისთვის, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გარკვეული სეგმენტების დეგრადაციის მიუხედავად, ინჟინერია კვლავ ძლიერ მხარედ რჩება. იციან, როგორ ააშენონ მთელი ეს გადასასვლელები“, ამბობს ექსპერტი.
ივან კირიჩევსკი მიიჩნევს, რომ ჩონგარსა და არაბატის ცელაზე ლოგისტიკის გაძლიერება ართულებს უკრაინის თავდაცვის ძალების ამოცანებს, მაგრამ მათ აქვთ ამის საწინააღმდეგო საშუალებები. მას მაგალითად მოჰყავს Firepoint დრონები და ახალი უკრაინული მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი „ბეგემოტი“, რომელსაც 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს, მან უკვე განახორციელა დარტყმები ჩონგარის ხიდზე.
მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი "ბეგემოტი"
„მაგალითად, Firepoint-ის ვერსია Middle Strike (FP2) აღჭურვილია 100-კილოგრამიანი ქობინით - უფრო ძლიერით, ვიდრე რაკეტა HIMARS-ს აქვს. ხოლო მისი მოდიფიცირებული ვერსიის ქობინი უკვე 200 კილოგრამამდეა. ან ახალი კამიკაძე დრონი „ბეგემოტი“, რომელსაც აქვს ორმაგი ქობინი: 40-კილოგრამიანი - ცხვირის ნაწილში და 35-კილოგრამიანი - კუდში. ეს ნიშნავს, რომ შეღწევადობის თვალსაზრისით, მისი შედარება შეიძლება Storm Shadow რაკეტასთან. ჯერ არ ვისაუბრებთ თავად რაკეტებზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქაც აქვთ სიურპრიზები მომარაგებული. აზრი ისაა, რომ საშუალებები, რომლებითაც თეორიულად შესაძლებელია ამ ხიდებზე დარტყმები, უკრაინის თავდაცვის ძალებს მოეპოვებათ,“ ამბობს ივან კირიჩევსკი.
თუმცა, ექსპერტის აზრით, შეუძლებელია დანამდვილებით ითქვას, გახდება თუ არა მომავალ ოპერაციებში ეს ლოგისტიკური გადასასვლელები მთავარი სამიზნეები რუსეთის ჯარების მომარაგების შესაწყვეტად: ოპერაციების დაგეგმვისას სარდლობამ შეიძლება აირჩიოს სხვა, უფრო მაღალი პრიორიტეტის მქონე ობიექტები.
რა გავლენა აქვს ლოგისტიკაზე დარტყმებს რუსეთის არმიის პოტენციალზე?
ყირიმის რუსული ლოგისტიკისგან მოწყვეტის ოპერაცია ფიტავს რუსეთის არმიის სამხედრო პოტენციალს, აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი ივან კირიჩევსკი. ის იხსენებს, რომ იმ შედეგებისთვის მზადება, რასაც დღეს ვხედავთ, შარშან შემოდგომაზე დაიწყო.
მტრის უუნარობა, ჩაატაროს იქ სრულფასოვანი საიერიშო მოქმედებები, მინიმუმ ცხრათვიანი ძალისხმევის შედეგია.ივან კირიჩევსკი
„ეს წარმოშობს რუსეთის ძალების გამოფიტვის ფაქტორს, რომლის წყალობითაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამხრეთში ჩვენი ტერიტორიის 650 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შევძელით. მეტის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან მტრის დრონები მექანიზებული კოლონებით წინსვლას აფერხებენ, ფეხით კი ბევრს ვერაფერს მიაღწევ. მაგრამ თავად იმ ფაქტმა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე - და ზოგადად სამხრეთში - დაიწყეს რუსების დრონებით სისტემატურად „მიზანში ამოღება“ დიდ სიღრმეზე, ნაყოფი გამოიღო. ეს სამუშაო ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო, Starlink-ის გათიშვის წინ. ხოლო მტრის უუნარობა, ჩაატაროს იქ სრულმასშტაბიანი შეტევა, სულ მცირე, ცხრა თვის ძალისხმევის შედეგია. მაგრამ, როგორც ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე, აქ არ არსებობს მარტივი პირდაპირი კავშირი, თითქოს ყირიმზე თავდასხმა მხოლოდ ზაპოროჟიეს რაიონში ეფექტის მისაღწევად უნდა მოხდეს. სანამ რუსები ყირიმში დარჩებიან, საჭირო იქნება მათ სამიზნეებზე დარტყმა“, აღნიშნავს ივან კირიჩევსკი.
ვაშინგტონში დაფუძნებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანალიტიკოსების აზრით, 2026 წლისთვის რუსეთის არმიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით რვაჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
ამასობაში, უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის მოიერიშე ჯარისკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამჟამად მხოლოდ 20-30 წუთია, განაცხადა CIA-ის დირექტორმა ცოტა ხნის წინ.
CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი
„უკრაინაში ბრძოლის ველზე აღმოჩენილი რუსი ახალწვეულის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-30 წუთით არის შეფასებული. 20-30 წუთი! და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონები ეფექტიან, სპეციალიზებულ და ამავე დროს იაფ გამანადგურებელ მანქანებად იქცა“, ამბობს CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა „მძლავრი გამათანაბრებელი ფაქტორია“ და მან მნიშვნელოვნად შეანელა რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი.