როგორც მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა 5 აგვისტოს, 18:30 საათისთვის, მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე ჯერჯერობით სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს.
ადვოკატი მარიკა არევაძე, - რომელმაც პირველმა გაავრცელა მეზეშის დაკავების შესახებ ინფორმაცია, - წერს, რომ ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.
დაკავება „გაძევების მიზნით“
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ლასლო რობერტ მეზეშის დაკავების საფუძვლებისა და მისი საქმის გარემოებების შესახებ შეკითხვებით.
„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები“, - თქვეს სამინისტროში.
შსს-ს თანახმად, ამიტომ „მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა“ - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
რა წერია ამ მუხლში
ამ კანონის 64-ე მუხლი ეხება „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებს“.
კანონის თანახმად, „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება“ დააკავონ და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანონ.
64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი კი ის არის, რომ „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება“ დააკავონ, „თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე“.
ასევე ნახეთ
პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე: „გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს“კიდევ რა წერია კანონში
ამავე კანონის თანახმად, უცხოელი, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
„დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს სამი თვით“, - წერია ამავე მუხლის მე-5 პუნქტში, ხოლო თუ შსს-მ ვადა გაახანგრძლივა - მაქსიმუმ ცხრა თვით.
ვინ არის ლასლო მეზეში
ლასლო მეზეში ხშირად ჩანს თბილისში მიმდინარე საპროტესტო, პროევროპულ დემონსტრაციებზე.
2025 წლის სექტემბერში თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას, ის ერთ-ერთი იყო, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მხარს უჭერდა პეტერ მადიარს, რომელმაც 2026 წლის გაზაფხულზე უნგრეთის არჩევნებში გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ
„ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. შემოტრიალდა და დარტყმა დაიწყო“ - უნგრელი ჟურნალისტი- 2024 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიქტორ ორბანი თბილისს ეწვია და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა, ლასლო მეზეში მას პროტესტით დახვდა.
- „მივედი ჭიშკართან და დავუყვირე ბატონ ორბანს, ამაყი ხარ საკუთარი თავის, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენ?“ - ამბობდა ის.
როგორც წინა თვეების განმავლობაში ფეისბუკპოსტებში წერდა, მეზეშს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. კერძოდ, იგი სხვადასხვა პერიოდში, სხვა სიმპტომებთან ერთად, აღწერდა უძილობას, ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დაბალ დონეს) და არითმიას. 1 თებერვალს მას გული წაუვიდა.