Politico: აშშ-სა და უკრაინას შორის კვლავ აღდგა სადაზვერვო ინფომაციის გაცვლა

საილუსტრაციო ფოტო: კამიკაძე დრონი "ჰორნეტი" რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული მარიუპოლის მახლობლად.

აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა კვლავ უწინდელ მაღალ დონემდე აღდგა. ამის შესახებ Politico იტყობინება აშშ-ის სენატის რამდენიმე წევრზე დაყრდნობით.

„დეტალებზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ ვითარება გაუმჯობესდა,“ თქვა დემოკრატმა სენატორმა ვირჯინიის შტატიდან, მარკ უორნერმა, რომელიც დაზვერვის კომიტეტის წევრი და კიევისთვის დახმარების გაზრდის დიდი ხნის მომხრეა.

რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ კორნინმა და როჯერ უიკერმა, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნეს, რომ სადაზვერვო მონაცემების გაცვლა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მომენტში გააქტიურდა.

„ყველას უყვარს გამარჯვებულები და, როგორც ჩანს, უკრაინამ გარდატეხა შეიტანა ვითარებაში,“ თქვა კორნინმა. ინფორმაციის გაცვლის გააქტიურებაზე ისაუბრა ასევე დემოკრატმა სენატორმა ტიმ კეინმა, რომელიც შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრია.

როგორც Politico აღნიშნავს, ეს ხდება ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების ჩიხში აღმოჩენის ფონზე. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი, რომელშიც შედიან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ამჟამად დაკავებულია ირანთან ომის დასრულებაზე მუშაობით და უკრაინა ნაკლებად პრიორიტეტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინამ წარმატებებს მიაღწია რუსეთთან დაპირისპირებაში და ამან, როგორც ჩანს, გაზარდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტი ტრამპის თვალში.

ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ მალევე, 2025 წლის მარტის დამდეგს, ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა კიევს შეუწყვიტა სადაზვერვო მონაცემების მიწოდება. ამას წინ უსწრებდა თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართული სკანდალური შეხვედრა 28 თებერვალს. ოქტომბრის დამდეგს The Wall Street Journal-ი იტყობინებოდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინასთან შეათანხმა მისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორი მანძილის დარტყმებისთვის.

ასევე ნახეთ

„ისტორიაში პირველად“: როგორ არღვევს უკრაინა სახმელეთო ოპერაციების გარეშე რუსეთის ლოგისტიკას ყირიმში