უკრაინული დრონებით შეტევა იყო რუსული Wildberries-ის საწყობებზე ეკატერინბურგში

უკრაინამ Wildberries-ის ობიექტებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყო. სატელიტურ ფოტოზე ჩანს ვოლგოგრადის ოლქში ივლისის ბოლოს განადგურებული საწყობები.

7 აგვისტოს დილით უკრაინული დრონებით შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანია Wildberries-ის საწყობებზე ურალში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ეკატერინბურგში.

კომპანიის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ეკატერინბურგის ლოგისტიკის ობიექტზე ხანძარია და ტვირთების მიღება დროებით შეიზღუდა.

ურალის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, არტიომ ჟოგას მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინბურგის საწყობებიდან ევაკუირებულია 800 ადამიანი.

საჰაერო გზით უკრაინიდან ეკატერინბურგამდე მანძილი 1400 კილომეტრზე მეტია.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-მდე ობიექტზე.

საჯარო წყაროების თანახმად, დაიღუპა სულ მცირე, 9 თანამშრომელი.

რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, მისი გამყიდველების წლიური ბრუნვა 2,9 ტრილიონ რუბლს აჭარბებდა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავდა. ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

თავის მხრივ, რუსეთის ჯარები ლოგისტიკის ობიექტებს უტევენ უკრაინაში. 5 აგვისტოს კიევსა და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევისას განადგურდა და დაზიანდა არაერთი სავაჭრო კომპანიის, მათ შორის Нова пошта-ს და Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრები.