„დავით კოლდარი დილის 6-ზე გამოაგდეს ლაითურის ციხიდან, იდგა მარტო ციხესთან, რომ არ დავხვედროდით და კადრები არ გვქონოდა, ალბათ“, - დაწერა სოციალურ ქსელში აქტივისტმა ნათია გაბრავამ.
პროკურატურის მტკიცებით, 2024 წლის 16 აპრილის აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე დავით კოლდარი საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია. მას პატიმრობა 2025 წლის 4 თებერვალს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიუსაჯა - პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავებიდან.
- 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი (კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე.
მას შემდეგ სადავო პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება: დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის გრანტების მიღების შესაძლებლობები გაამკაცრა, სპეციალური რეგულაციები დაწესდა აქციის გამართვის დროსაც.