კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებები

აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.

საქართველოს პარტნიორი ოთხი ქვეყნის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე კვლავ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ და ევროპულ სტაბილურობას“, - წერია განცხადებაში.

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება:

„მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს“.

რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. თითქმის 18 წლის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.

ასევე ნახეთ

მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - გამოხმაურებები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.

ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.

ასევე ნახეთ

18 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 220-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.