ზელენსკი ჩადის ქვეყანაში, რომელიც დღემდე უარს ამბობს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე.
აშშ-ში მოღვაწე პოლიტოლოგი იასმინ მუიანოვიჩი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს: „ზელენსკისა და უკრაინელებს ამ ეტაპზე მიაჩნიათ, რომ არსებობს გარკვეული შანსი, სერბეთი რუსეთის ფედერაციის ორბიტიდან გამოვიდეს. ამიტომ ისინი შეეცდებიან ამ შესაძლებლობის გამოყენებას.“
თუმცა, მისი შეფასებით, ეს არ მოხდება. „ეს არის ვუჩიჩის პოლიტიკური წარმოდგენა უკრაინისა და დასავლეთისთვის, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ახალი მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა,“ თქვა მან.
გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კონსულტანტი ნიკოლა ლუნიჩიც მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი სერბეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას არ ნიშნავს.
„თუ ბელგრადი მართლაც მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ენერგეტიკული ურთიერთობების შეცვლა ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ სერბეთმა კურსი შეიცვალა,“ მიაჩნია ლუნიჩს.
სერბეთი და უკრაინა თანამშრომლობას აძლიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადს კვლავ მჭიდრო ურთიერთობები აქვს კრემლთან. ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე წელს ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, მიწვევით ჩადის ბელგრადში.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთმა გაეროში არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმო რუსეთის აგრესია, ევროპაში მხოლოდ სერბეთი, ბელარუსი და თურქეთი არ შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
თავის მხრივ, უკრაინა მხარს უჭერს სერბეთის პოზიციას და არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
ლუნიჩის თქმით, ზელენსკის ვიზიტი მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა, რადგან აჩვენებს, რომ სერბეთი, მიუხედავად რუსეთთან ტრადიციულად მჭიდრო პოლიტიკური, ენერგეტიკული და სხვა კავშირებისა, ცდილობს უკრაინასთან კომუნიკაციის შენარჩუნებასაც.
ირლანდიის მეინუთის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ო'ბრენანი ამბობს, რომ ზელენსკის მიწვევა სერბეთის „დაბალანსების პოლიტიკის“ ნაწილია.
თუმცა, მისი თქმით, ეს ვიზიტი ასევე მიუთითებს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ხელისუფლების ახალ სისუსტეზე. ვუჩიჩის პოზიციები მნიშვნელოვნად დასუსტებულია ნოვი სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, კორუფციული სკანდალების გამო და სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის შედეგად.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სერბეთის ხელისუფლება აწყდებოდა მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც გამოიწვია ნოვი სადში სადგურის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვამ.
ისაუბრებენ თუ არა იარაღზე?
პროფესორი ჯონ ო'ბრენანი არ ფიქრობს, რომ ზელენსკის ვიზიტი შედგებოდა, ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში რომ არ ეარსება რწმენას, რომ უკრაინამ ომში გარდამტეხ მომენტს მიაღწია.
„ზელენსკი, პირველ რიგში, ჩადის იმისთვის, რომ შეიარაღების მიღება უზრუნველყოს, თუმცა შესაძლოა მისი მხრიდან უკრაინული სამხედრო სისტემების შეთავაზებაც,“ თქვა მან.
სერბეთის ხელისუფლება ოფიციალურად ამტკიცებს, რომ ქვეყანა უკრაინაში არ ეწევა იარაღის პირდაპირ ექსპორტს. თუმცა, რუსეთი ბელგრადს ადანაშაულებს, რომ ეს შუამავლების მეშვეობით ხდება.
არაერთი ჟურნალისტური გამოძიებისა და მედიის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ სერბეთში წარმოებული საბრძოლო მასალა მესამე ქვეყნების გავლით ხვდება უკრაინაში.
გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი ნიკოლა ლუნიჩი აღნიშნავს:
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სერბეთი სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალას აწარმოებს, მათ შორის საბჭოთა სტანდარტის შეიარაღებისთვის განკუთვნილსაც, რომელიც უკრაინის ფრონტზე ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება.“
ასევე ნახეთ
დამსმენები, ჯაშუშები, თანამშრომლები - გიყვებით იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის არქივებზეალექსანდარ ვუჩიჩი კვლავაც აცხადებს, რომ სერბეთი კონფლიქტის არცერთ მხარეს პირდაპირ არ აწვდის იარაღს და რომ საბოლოო გაყიდვის შემდეგ მისი კონტროლი აღარ შეუძლია.
თუმცა, 2024 წლის შუა პერიოდში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაშინდელი თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, „სერბეთი თავისი იარაღის ხელმისაწვდომობით უკრაინას საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის დაცვაში ეხმარება.“
რა აკავშირებს სერბეთსა და უკრაინას?
კიევში მდებარე მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის (IWP) აღმასრულებელი დირექტორი ევჰენ მაჰდა მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობაც.
სერბეთმა არაერთხელ გაუგზავნა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო პრეზიდენტ ვუჩიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ სერბეთი მზად არის უკრაინაში ერთი ან ორი ქალაქის ან მცირე რეგიონის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა.
ნიკოლა ლუნიჩის თქმით, „ომის მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის მიუხედავად, უკრაინა მომავალში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი იქნება ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით და სერბეთს სურს ამ პროცესის ნაწილი გახდეს.“
მისივე შეფასებით, უკრაინისადმი დამოკიდებულება ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სერბეთის დაახლოების პროცესში.
„კიევთან პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება აჩვენებს, რომ სერბეთს სურს ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გაგრძელება იმ საკითხებშიც, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის.“
სერბეთს 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში არც ერთი ახალი თავი არ გაუხსნია.
ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ევროკავშირი ასახელებს იმას, რომ სერბეთის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან სრულად შეთანხმებული არ არის. პრობლემად რჩება ასევე კანონის უზენაესობა და მედიის მდგომარეობა.
ზელენსკის „პოლიტიკური რეალიზმი“
რამდენიმე კვირის წინ სერბეთის პრეზიდენტმა უარი თქვა უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტის ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერაზე.
ვუჩიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა: „თუ დეკლარაციის ტექსტს წაიკითხავთ, მიხვდებით, რატომ ვიყავი ერთადერთი, ვინც ხელი არ მოაწერა.“
წინა წლებშიც სერბეთი არ აწერდა ხელს ისეთ დეკლარაციებს, სადაც საუბარი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ან მასზე დამატებითი ზეწოლის აუცილებლობაზე.
ნიკოლა ლუნიჩის აზრით, ზელენსკის ვიზიტი პოლიტიკურ რეალიზმს გამოხატავს.
„ეს ნიშნავს სერბეთთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და იმის ჩვენებას, რომ უკრაინა მზად არის ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც სრულად არ იზიარებენ არც უკრაინის და არც ევროკავშირის პოლიტიკას,“ თქვა ლუნიჩმა.
ევჰენ მაჰდაც ფიქრობს, რომ სერბეთი, სავარაუდოდ, არ შეცვლის რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსების პოლიტიკას, თუმცა დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.
„ბელგრადში ზელენსკის ვიზიტი აჩვენებს, რომ უკრაინა დიალოგის გზებს ეძებს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც მომავალში შესაძლოა კრემლთან მოლაპარაკებების შუამავლობის როლი შეასრულონ,“ მიაჩნია მაჰდას.
მისი თქმით, ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ამჟამად უკრაინას სერბეთში წარმოადგენს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო.
ზელენსკი სერბეთსა და პუტინს შორის
სერბეთის ხელისუფლება ზელენსკის უმასპინძლებს იმავე ბელგრადში, სადაც უკრაინაში ომის დაწყებამდე ათასობით ადამიანი ეგებებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
მიუხედავად საერთაშორისო იზოლაციისა და სანქციებისა, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, პუტინი სერბეთში კვლავაც ყველაზე პოპულარული უცხოელი ლიდერია.
პროფესორი ჯონ ო'ბრენანი მიიჩნევს, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია პოლიტიკური მესიჯის გაგზავნა:
„ნახეთ, რუსეთი მხარდაჭერას უკვე საკუთარი ძმური მოკავშირისგანაც კარგავს ბელგრადში.“
პოლიტოლოგი იასმინ მუიანოვიჩი კი ამბობს, რომ ვუჩიჩის მიზანია დასავლეთში სერბეთის იმიჯის გაუმჯობესება და არა რეალური პოლიტიკური ცვლილება.
„ეს იგივე ალექსანდარ ვუჩიჩია, როგორიც ყოველთვის იყო. ეს არც სერბეთის ახალი საგარეო პოლიტიკაა და არც ახალი ლიდერი. ეს უბრალოდ იაფფასიანი პოლიტიკური წარმოდგენაა, რომელიც, ჩემი აზრით, რამდენიმე თვეში ყველას დაავიწყდება,“ მიაჩნია მუიანოვიჩს.
ასევე ნახეთ
„ისტორიაში პირველად“: როგორ არღვევს უკრაინა სახმელეთო ოპერაციების გარეშე რუსეთის ლოგისტიკას ყირიმშირას იტყვიან მოსკოვი, ბრიუსელი და ვაშინგტონი?
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ბელგრადი ევროკავშირს ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად მიიჩნევს, იგი კვლავაც ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს რუსეთთან, საიდანაც შემოდის ბუნებრივი აირის ძირითადი ნაწილი.
ნიკოლა ლუნიჩის შეფასებით, მოსკოვი ზელენსკის ვიზიტს უნდობლობით შეხვდება, თუმცა მკვეთრ რეაქციას არ უნდა ველოდოთ.
„რუსეთს არ აძლევს ხელს, რომ ზედმეტი ზეწოლით თავადვე უბიძგოს ბელგრადს კიევისა და დასავლეთისკენ. ამიტომ, სავარაუდოდ, ის კრიტიკასა და სერბეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას შორის წონასწორობის დაცვას შეეცდება,“ ამბობს ის.
ამავე დროს, მისი შეფასებით, რუსეთის რეაქცია დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა კონკრეტული შედეგებით დასრულდება ვიზიტი.
თუ არ გამოცხადდება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთისადმი სერბეთის პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს, მოსკოვი, სავარაუდოდ, შეხვედრის პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინებას შეეცდება.
ამავე დროს, ოპოზიციურმა მწვანე მემარცხენე ფრონტმა (ZLF) განაცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტი სერბეთისთვის შესაძლებლობაა, სოლიდარობა გამოხატოს უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც წლებია რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებს განიცდის.
ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდენტი ვუჩიჩი ამ საკითხსაც შიდა პოლიტიკური გათვლებით მიუდგება, ნაცვლად იმისა, რომ სერბეთმა პრინციპული პოზიცია დაიკავოს და რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესოს.
ლუნიჩის შეფასებით, ევროკავშირიც და ვაშინგტონიც ვიზიტს დადებითად შეაფასებენ, თუმცა სერბეთის საერთო შეფასება კვლავ დამოკიდებული იქნება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მის შესაბამისობაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი დამოკიდებულებასა და ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე.
ლუნიჩის თქმით, ვაშინგტონი ასევე დადებითად შეაფასებს სერბეთის ნებისმიერ პრაქტიკულ წვლილს უკრაინის უსაფრთხოების საქმეში, განსაკუთრებით საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიმართულებით.
თუმცა, როგორც ლუნიჩი აღნიშნავს, ეს თავისთავად არ შეცვლის აშშ-ის საერთო პოლიტიკას სერბეთის მიმართ.
პროფესორი ჯონ ო'ბრენანიც არ ფიქრობს, რომ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ სერბეთის საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეიცვლება.
მისი თქმით, ქვეყანა კვლავაც აღიქმება, როგორც ევროპაში ნაწილობრივ იზოლირებული სახელმწიფო, რომელსაც ულტრანაციონალისტური პოლიტიკური ძალები მართავენ და რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად გამიჯნული 1990-იანი წლების ომების მემკვიდრეობისგან.
სერბეთი, რომელიც ოდესღაც ევროპულ ინტეგრაციაში ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა, დღეს ამ პროცესში ფაქტობრივად ბოლო ადგილებზე აღმოჩნდა.
ამავე დროს, პრეზიდენტ ვუჩიჩის განცხადებით, რომელიც მან ზამთარში გააკეთა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები ბელგრადის მოლოდინების შესაბამისად არ ვითარდება.
თუმცა, ეს ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის ახლახან დაწყებით.