უკრაინის პრეზიდენტის ოფისის და პარლამენტის წარმომადგენლები - ანტიკორუფციული ბიურო „სპეცოპერაციას“ ატარებს

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ „სპეცოპერაცია" ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოაშკარავების მიზნით

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ „სპეცოპერაციას დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოაშკარავების მიზნით".

ამ შინაარსის მოკლე ცნობა 19 აგვისტოს დილით გაავრცელა ანტიკორუფციულმა ბიურომ. მან მხოლოდ ის დააზუსტა, რომ ორგანიზაცია პარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ოფისის ჩინოვნიკებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა.

დამოუკიდებელი გამოცემის, „უკრაინსკა პრავდას“ წყაროთა ცნობით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე ირინა მუდრასთან და დეპუტატ ვადიმ სტოლართან, რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულია დღეს უკვე აკრძალული პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“.

საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ნახეთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ უფროს ერმაკს გირაოს თანხა შეუგროვეს, მან იზოლატორი დატოვა

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა არაერთი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს იძიებენ.

უკვე ბრალდებულთა შორისაა(ფულის გათეთრება) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2026 წლის მაისში აღკვეთის ზომად გირაო შეეფარდა.

2026 წლის აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკანონოდ გამდიდრებასა და დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანაშია ეჭვმიტანილი უკრაინის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი ელჩი აშშ-ში ოლჰა სტეფანიშინა.

2025 წლის ნოემბერში უკრაინის ანტოკორუფციულმა ბიურომ და პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადეს ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის საქმე და პასუხისგებაში მისცეს არაერთი მაღალჩინოსანი.