- უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო;
- მან პრიზის მიღებისას განაცხადა, რომ ჯილდოს უძღვნის თბილისის 2024 წლის პროევროპული აქციებისას დაპატიმრებულ მათე დევიძეს, რომელსაც „საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა;
- ფილმი ნაწილობრივ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს.
2026 წლის 19 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში კი რეჟისორი წერს, რომ 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა არ მისცა წარმოების პროცესში მყოფებს.
„მიზეზი დღემდე არ უთქვამთ“, - წერს იგი.
„ფულადი ჯარიმა“
„ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება“, - განაცხადა მან.
„შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ, ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა“, - ამბობს რეჟისორი.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს“, - ასე აფასებს ის კინოცენტრის გადაწყვეტილებას.
„ჯერ ეცადნენ, რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ, ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს“, - წერს უტა ბერია 19 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტში.
ამავე პოსტში ის წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილი და ანდრო ჭიჭინაძე, - 2024 წლის პროევროპული აქციებისას დაკავებული დემონსტრანტები, - „ისევ ციხეში სხედან უსამართლოდ... ამ დროს ინსტიტუციას, რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები, რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს“.
„ხელოვნება ჩვენგან საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნას ითხოვს. სხვანაირად არ გამოდის. ასობით ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, ვერ აკეთებს დღეს თავის საყვარელ საქმეს და როცა ქართული კინო საფრთხეშია, ეს ნიშნავს, რომ საფრთხეშია ყველა ადამიანი, ვინც ამ ხელოვნებას თავი მიუძღვნა“, - წერს იგი.
ეროვნულ კინოცენტრს ჯერ ამ ამბავზე კომენტარი არ გაუკეთებია.