სარჩევი
საბედისწერო დაბრუნება და „საქართველოს მესამე რესპუბლიკა“
“გაუგონარი გადაწყვეტილება” - გერმანული დასკვნა
„სამართლის წესების იგნორირება” - ქართველი იურისტების შეფასება
წავკისის ვილის აუქციონი
2026 წლის 16 ივლისს სახელმწიფოს ელექტრონულ აუქციონზე გაცხოველებული ვაჭრობა გაიმართა. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ აუქციონის მონაწილეები კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში იბრძოდნენ წავკისში 4 მილიონ 876 ათას ლარად შეფასებული სახლის შესაძენად.
მიწა 3 368 კვ.მ და ვილა ფართობით 1 157 კვ.მ, ეზოში ღია აუზით, ჩოგბურთის კორტებითა და ფარეხით - 70-ზე მეტი ბიჯის შემდეგ გაიყიდა.
აუქციონი 16:00 საათზე საწყისი ღირებულების 10 პროცენტიდან - 487 ათასი ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დასასრულისკენ კი სამი ანონიმური მყიდველი 48-ათასიანი მატებით დებდა ფსონებს, თუმცა 16:30 საათზე ერთ-ერთმა მოულოდნელად, სტანდარტულ ბიჯზე 9-ჯერ მეტით - 438 840 ლარით გაზარდა ფასი.
წავკისის ვილა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მიწა და სახლი ვახტანგ გორგასლის მე-9 ჩიხში - ანონიმმა თითქმის 4 მლნ ლარად (3 998 320 ₾) შეიძინა.
ნიკა გილაურის აუქციონზე გაყიდული ვილა. ილუსტრაცია
ნიკა გილაურმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ნაციონალური მოძრაობისთვის გარდამტეხ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე დატოვა და ბიზნესში წავიდა.
პრემიერის პოსტის დატოვებიდან 14 წლის შემდეგ სახლი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით 2018 წლიდან გილაურის სახელზე რეგისტრირებული ერთადერთი საცხოვრებელი იყო საქართველოში, იძულებით აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაყიდა.
„განკულაკება“
„აკულაკებენ“ - 1930-იანი წლების საბჭოთა ძალადობრივი პოლიტიკის - ქონების ჩამორთმევისა და გასამართლების ამსახველი ტერმინი გამოიყენა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ინფორმირებულმა წყარომ რამდენიმე თვის წინ. მან ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში გვითხრა, რომ სახელმწიფო აპირებდა გილაურისთვის სახლის ჩამორთმევასა და აუქციონზე გატანას.
მრავალთვიანი მცდელობა შევხვედროდით თავად ნიკა გილაურს და ინტერვიუ ჩაგვეწერა მისი კომპანიების წარმომადგენლებთან - გადაგვემოწმებინა ინფორმაცია და მეტი დეტალი გაგვეგო - უშედეგოდ დასრულდა.
სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ ინტერვიუს ბოლო თხოვნაზე, ნიკა გილაურმა მოგვწერა: „ჯერ კიდევ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები და ჩემი იურისტების რჩევით ამ ეტაპზე არ ვიძლევით არც კომენტარს და არც ინტერვიუს“.
თუმცა რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც წყაროს ინფორმაციას ადასტურებდა: ეს არის თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც აღწერილია, როგორ დააკისრეს ნიკა გილაურსა და მის კომპანიებს დაახლოებით 12 მილიონი დოლარი. იგივე საბუთები ადასტურებს სხვადასხვა კომპანიაში გილაურის წილებისა და მისი ბიზნესპარტნიორის ქონების დაყადაღებასაც. ამ გადაწყვეტილებების მიხედვით, წავკისის სახლი არ უნდა დარჩეს ერთადერთ ქონებად, რაც ნიკა გილაურს ჩამოართვეს და იძულებით გაუყიდეს.
„რადიო თავისუფლებამ“ გაარკვია, რომ ნიკა გილაურის სახლი აუქციონზე მისი ბიზნესმენი ძმის, ირაკლი გილაურის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ვანო სტურუამ იყიდა, რომელიც თავადაც მსხვილი ბიზნესმენია.
ბიზნესმენი ვანო სტურუა, რომელმაც გილაურის სახლი სახელმწიფო აუქციონზე იყიდა
საბედისწერო დაბრუნება და „საქართველოს მესამე რესპუბლიკა“
51 წლის ეკონომისტის, ნიკა გილაურის კარიერული წარმატებები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება. 29 წლის იყო, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი გახდა (2004-2007 წ.წ.), 32 წლის ფინანსთა მინისტრი იყო (2007-2009 წ.წ.), 35 წლის კი უკვე პრემიერ-მინისტრი (2009-2012 წ.წ.).
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობის სხდომაზე ბათუმში, 2011 წლის ოქტომბერი
2012 წლის 30 ივნისს, უკვე სტაჟიანი მაღალჩინოსანი, პრემიერის პოსტს ტოვებს და მალევე, არჩევნებში დამარცხებული სააკაშვილის ხელისუფლების ზოგიერთი სხვა მაღალჩინოსნის მსგავსად, ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების გამოცდილების ექსპორტის ბიზნესს იწყებს.
“რეფორმატიკსი” მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა - ეს არის “ბუტიკური (სპეციალიზებული) საკონსულტაციო ფირმა, რომელიც 2012 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საჯარო სექტორის ლიდერებთან… მსოფლიოს 30 ქვეყნის მთავრობასთან, 3 კონტინენტზე”, - წერია გილაურის საკონსულტაციო კომპანიის ვებსაიტზე.
გარდა “რეფორმატიკსისა” ნიკა გილაური არის საქართველოში დაფუძნებული სულ მცირე 5 კომპანიის წილების მფლობელი და პარტნიორებთან ერთად ფლობს, სულ მცირე 3 მცირე ჰიდროელექტროსადგურს დასავლეთ საქართველოში.
პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაახლოებით 12 წელი ნიკა გილაური საჯარო სივრცეში აღარ ჩანს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 15 ოქტომბერს ის “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან უკვე მკვეთრად დაპირისპირებულ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში გილაური პრემიერ-მინისტრის კანდიდატად განიხილება.
იმავე პერიოდში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა გილაურმა რამდენიმე მილიონი ლარით (სხვადასხვა წყარო დაახლოებით 10 მლნ ლარს ასახელებს) დააფინანსა გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარიას მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის”. ამ გაერთიანების რამდენიმე ლიდერი მოგვიანებით დაადასტურებს გილაურთან თანამშრომლობას, მათ შორის საარჩევნო შემოწირულების მიღებას. ოფიციალური წყაროებით, კოალიცია 5,6 მილიონი ლარით შემოწირულებით "ქართული ოცნების" შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 23 ოქტომბერს ნიკა გილაურმა გამოაქვეყნა თავისი და „რეფორმატიკსის“ გუნდის 100-გვერდიანი დოკუმენტი - “საქართველოს მესამე რესპუბლიკა” - ქვეყნის რუსული ორბიტიდან ჩამოშორების და ევროპულ ოჯახში დამოუკიდებელი სასამართლოთი, დაცული ადამიანის უფლებებით დაბრუნების მისეული ხედვა. ამ გეგმის მიხედვით, წლების შემდეგ გამდიდრებული საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც იბრუნებდა.
2024 წლის არჩევნების შედეგები ოპოზიციამ გაყალბებულად, პარლამენტი და პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერი და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა. ოპოზიციის მომხრეებმა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ნოემბრის დასასრულს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების “ქართული ოცნების” დღის წესრიგიდან მოხსნის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
დეკემბრის პირველ კვირაში სპეცრაზმმა წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, დააპატიმრა პროტესტის ასეულობით მონაწილე. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დაიწყო საჯარო სამსახურებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ღიად შეუერთდნენ ნოემბერ-დეკემბერში წამოწყებულ პროევროპულ საპროტესტო აქციებს.
“ბიზნესს მინდა მივმართო - განცხადებების გაკეთება და ფეისბუკ-ბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასაკმარისი. გთავაზობთ, შევქმნათ ამ ბრძოლაში მონაწილე დაზარალებული ადამიანების დახმარების ფონდი”, - 2024 წლის 6 დეკემბერს ნიკა გილაურმა, ქართველ ბიზნესმენებს საგანგებო განცხადებით მოუწოდა დახმარებოდნენ საპროტესტო მოძრაობასა და დაპატიმრებული აქტივისტებს. მან შექმნა ფონდი “Prosperity Georgia” და თქვა, რომ თავად უკვე 100 ათასი ლარი გადარიცხა ამ ანგარიშზე.
პირველი ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მწვავე კრიტიკით, გილაურმა "ტვ პირველის" ეთერში ბიზნეს მედია საქართველოს (BMG) ჟურნალისტს მისცა - "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არალეგიტიმური უწოდა, გააკრიტიკა საპროტესტო გამოსვლების დაშლა და თქვა, რომ საჭირო იყო “ახალი არჩევნები და “პოლიტპატიმრების გათავისუფლება”.
გილაურის განცხადებები მწვავე იყო 2024 წლის 9 და 13 დეკემბერს, ტელეკომპანია "პირველის" და "მთავარის" ეთერებში.
Your browser doesn’t support HTML5
ნიკა გილაური აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, 2024 წლის დეკემბერი
გილაურმა ღიად მიმართა საჯარო მოხელეებს და, ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო სამსახურებიდან დათხოვნის შემთხვევაში, მისი ფონდიდან კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა. გილაურის დაფუძნებულმა ფონდმა 2024 წლის დეკემბრიდან 3 თვეში 1 მილიონ 246 ათასი ლარის შემოწირულება მიიზიდა პროევროპული აქციების მონაწილეების დასახმარებლად.
მოულოდნელი გაუჩინარება
2025 წლის მარტში გილაურის ფონდი დააყადაღეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაიწყო ფინანსების მობილიზების გამოკვლევა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის; უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის.
გამოძიების მიმდინარეობისას, ჯამში “პროსპერიტის” მსგავსი 5 ფონდი დააყადაღეს. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. ფონდები კვლავ დაყადაღებული და გაჩერებულია.
გამოძიების დაწყებასთან ერთად ნიკა გილაურიც აღარ ჩნდება საჯარო სივრცეში.
რამდენიმე თვის წინ “ბრძოლაში გაუჩინარებული” უწოდა ნიკა გილაურს ჟურნალისტმა და აქტივისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომლის “ნანუკას ფონდი” ასევე დაყადაღებული აქვს პროკურატურას.
Your browser doesn’t support HTML5
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართავს ნიკა გილაურს, 2025 წლის ნოემბერი
მოსალოდნელი დასჯა
იმ დროს, როცა ნიკა გილაური “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებდა, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა, სასამართლო მის და მისი კომპანიების წინააღმდეგ მრავალმილიონიან დავას განიხილავდა.
2021 წელს დიდი პაუზებით და მდორედ დაწყებული სასამართლო პროცესები გილაურის საჯარო გააქტიურების შემდეგ დაჩქარდა და 4-წლიანი დავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით 2 თვეში დაასრულა.
ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი, მსხვილი ფინანსური მხარდამჭერი, სასამართლომ სულ სხვა საქმეზე გაამტყუნა - მას და მის კომპანიებს, ყოფილი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, მცირე ჰესების მშენებლობის გამო წარმოქმნილ დავაში 12 მილიონზე მეტი დოლარის გადახდა დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გილაურის წინააღმდეგ
გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 12 თებერვალს მიიღო, გილაურის მხარემ ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
ზემდგომმა ინსტანციებმა მრავალტომიანი საქმის განხილვა, რომელიც ჯამში ათამდე კომპანიას და რამდენიმე კერძო პირს ეხებოდა, 8 თვეში დაასრულეს, გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. გილაურის და მისი პარტნიორების ქონება დააყადაღეს და აუქციონზე გასატანად მოამზადეს.
რადიო თავისუფლებამ ნახა ამ სასამართლო გადაწყვეტილებების უცხოელი და ქართველი იურისტების შეფასებები, სადაც დაუფარავი გაოგნება ჩანს იმით, თუ რამდენად დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება.
“გარემოებები განხილულ გადაწყვეტილებას სრულ უნიკუმად აქცევს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მეორე მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც უშვებს ამგვარ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც არ მოიძებნება”, - წერენ ქართველი და გერმანელი ექსპერტები.
დავა ჰესების ბიზნესზე
2015 წლის ზაფხულში ნიკა გილაურის და მისი პარტნიორების კომპანია “აკვაჰიდრომ” რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და ენერგეტიკის სფეროს რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციასთან, რომელთა წილებსაც საქართველოს მთავრობა ფლობს.
ამ მემორანდუმებით „აკვაჰიდრომ“ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან სამი ჰესის მშენებლობის და მართვის ექსკლუზიური უფლება მიიღო.
საუბარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მდინარეებზე - იფრა, ხელრა და ნაკრა - სამი ჰიდროელექტროსადგურის აშენებასა და სახელმწიფოსგან შესაბამისი მიწის ნაკვეთების “აკვაჰიდროსთვის” 49 წლით გადაცემაზე.
ჰესების მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო.
ნაკრა ჰესის სადავო მშენებლობა, 2021 წელი. წყარო: "მწვანე ალტერნატივა"
“აკვაჰიდრომ” მსხვილი და გამოცდილი სამშენებლო კომპანია “ბლექსი გრუპი” დაიქირავა. შეთანხმებას მხარედ კიდევ რამდენიმე კომპანია ჰყავდა, თუმცა სამშენებლო სამუშაო "ბლექსი გრუპს" დაეკისრა.
"ბლექსი გრუპი" ამ დრომდე არ დათანხმდა რადიო თავისუფლებას, კომპანიის პასუხისმგებელ პირს ესაუბრა გილაურთან სასამართლო დავის დეტალებზე. უპასუხოდ დატოვეს გაგზავნილი შეკითხვები.
თავდაპირველი გეგმით, სამივე ჰესის მშენებლობის ღირებულება 15 მლნ დოლარს აღწევდა, შეთანხმების მიხედვით, მშენებელს, გილაურთან დაკავშირებული კომპანიისგან ანაზღაურების გარდა, აშენებული ჰესების მმართველი კომპანიის 20%-იანი წილიც უნდა მიეღო. ამ წილის გადაცემა საჯარო რეესტრშიც აისახა.
ორი ჰესი (იფარი და ხელრა) სწრაფად აშენდა და ამუშავდა, თუმცა 2020 წელს „ბლექსი გრუპმა“ მესამე - "ნაკრა ჰესის" მშენებლობა შეაჩერა. რამდენიმეთვიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წლის 12 ნოემბერს „აკვაჰიდრომ“ პარტნიორთან ხელშეკრულებები გაწყვიტა და მესამე ჰესის დასასრულებლად "ბლექსი გრუპის" ნაცვლად სხვა კომპანია დაიქირავა.
2021 წელს ‘ბლექსი გრუპმა” სასამართლოს მიმართა, რამდენიმე მილიონი ლარისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გილაურის კომპანიებმა შესრულებული სამუშაოს საფასური სრულად არ გადაუხადა.
საპასუხო სარჩელი შეიტანა გილაურის მხარემ და "ბლექსი გრუპს" 14,5 მლნ ლარი მოსთხოვა - თანხა, რომელიც "ნაკრა ჰესს" უნდა მოეტანა 2020–2022 წლებში, მაგრამ კომპანიამ დაკარგა იმის გამო, რომ "ბლექსი გრუპმა" ვალდებულებები არ შეასრულა და მშენებლობა გააჩერა.
გილაურის მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვით, "ბლექსი გრუპს" 600 ათასი დოლარით მეტი თანხა ჰქონდა “აკვაჰიდროსგან” მიღებული, ვიდრე სამშენებლო დოკუმენტებით ე.წ. ფორმა #2-ით ჰქონდა შესრულებული. საპასუხოდ "ბლექსი გრუპმა" სასამართლოს წარუდგინა მოწმეები და სხვა მტკიცებულებები, რომ გილაურის მხარემ თანხა დააკლო.
სასამართლო ოთხი წელი იხილავდა საქმეს, საბოლოოდ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გილაურის მხარე გაამტყუნა.
ლიანა კაჟაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
რადიო თავისუფლებამ ამ გამოძიებისას სასამართლოს ყველა მასალაზე სრული წვდომა ვერ მოიპოვა, შესაბამისად, შეფასებები დამოუკიდებელმა იურისტებმა სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში არსებული აღწერის მიხედვით გააკეთეს - ყველამ გვითხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მრავალმხრივაა დაუსაბუთებელი და კანონის ჩარჩოებსაც სცდება.
პერსონალური პასუხისმგებლობა
სამი ჰესის აშენება „ბლექსი გრუპს“ შპს „აკვაჰიდრომ“ დაუკვეთა რამდენიმე შუამავალი კომპანიისგან შემდგარი სახელშეკრულებო ჯაჭვის მეშვეობით.
მთავარი დამკვეთი, „აკვაჰიდრო“, 2014 წელსაა დაფუძნებული. მის 80%-იან წილს „აკვა ენერჯი“ ფლობს, ხოლო 20%-იანი წილი 2018 წლის შეთანხმებით, მშენებელ მხარეს („ბლექსი გრუპის“ ჯგუფს / „სქაი უოთერსს“) გადაეცა. „აკვაჰიდროს“ დამფუძნებელი კომპანიების საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები ნიკა გილაური და მისი ბიზნესპარტნიორები არიან.
ოფიციალური ხელშეკრულებებით, სამართლებრივად, დამკვეთი იყო „აკვაჰიდრო“, შემსრულებელი - „ბლექსი გრუპი“. ნიკა გილაურს, პერსონალურად, ამ შეთანხმებებთან არანაირი ოფიციალური იურიდიული კავშირი არ ჰქონია.
ნიკა გილაური ფლობდა 80%-იან წილს კომპანიაში, რომლის შვილობილი კომპანიის შვილობილი კომპანია იყო უშუალო დამკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ გილაურსა და „ბლექსი გრუპს“ შორის რამდენიმე კომპანიისგან შემდგარი კორპორაციული ჯაჭვი არსებობდა, მოსამართლემ ყოფილ პრემიერს მაინც დააკისრა პერსონალური ფინანსური პასუხისმგებლობა.
ნიკა გილაურის კავშირი დამკვეთ კომპანიასთან
ქართული და საერთაშორისო საკორპორაციო სამართლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები (შპს-ები) კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარი ქონებით. საწარმოების დამფუძნებლებსა თუ ბენეფიციარებს პერსონალურ პასუხისმგებლობას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აკისრებენ. მიუხედავად ასეთი დათქმისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ბლექსი გრუპის" სასარგებლოდ სულ მცირე 12 მლნ დოლარის გადახდა (სოლიდარულად, ანუ ერთდროულად) დააკისრა პირადად ნიკა გილაურს და მის კომპანიებს. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის ნოემბერში შევიდა, გადასახდელი თანხა კი ყოველდღიურად იზრდება მის აღსრულებამდე.
მოსამართლემ გილაურის კომპანია “რეფორმატიკსიც” მიიჩნია ვალდებულად ფული გადაეხადა, არადა, ბიზნესმენის ამ ფირმას დავასთან შეხება არ აქვს - არც ჰესების მშენებლობის მონაწილე ყოფილა.
სასამართლომ გილაურის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა “საერთო გარიგებაზე” - მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ყველა კომპანია და მისი დამფუძნებლები ერთობლივად მოქმედებდნენ ამ საქმეში "ბლექსი გრუპის" საზიანოდ.
ქართველმა მოსამართლეებმა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოიშველიეს გერმანული სამართალი და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული მუხლები.
გილაურის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაფასებლად, და ზემდგომი ინსტანციისთვის წარსადგენი სამართლებრივი დასკვნის მოსამზადებლად დაიქირავა გერმანელი იურისტი, რომელმაც მის ქართველ კოლეგასთან ერთად ამ საქმეზე სამართლებრივი დასკვნა მოამზადა.
“გაუგონარი გადაწყვეტილება” - გერმანული დასკვნა
რადიო თავისუფლებას არ მიეცა შესაძლებლობა, ენახა დასკვნა, თუმცა მოვიპოვეთ გერმანულ სამართლებრივ ჟურნალში გერმანელი და ქართველი ავტორების სტატია, ნიკა გილაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი ასპექტების შეფასებით.
სტატია 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდა ჟურნალში „Wirtschaft und Recht in Osteuropa (WiRO)“. ეს არის აკადემიური ჟურნალი სამართალსა და ეკონომიკაზე, რომელსაც გამოსცემს Institut für Ostrecht e.V. (რეგენსბურგი, გერმანია). ჟურნალი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ბიზნესისა და ეკონომიკური სამართლის განვითარებას აკვირდება და აანალიზებს.
სტატიის “პირადი პასუხისმგებლობის სახიფათო გაფართოება საქართველოს სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალში” ავტორები არიან: დოქტორი ჰაინ ბიოლინგი, ბრემენში ფედერალური მიწის ჰანზეატური უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და დოქტორი გიორგი ჯუღელი, ქართველი იურისტი, კორპორაციული სამართლის პროფესორი.
ავტორები ერთობლივ ანალიზში უაღრესად მწვავედ აკრიტიკებენ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებას. მათი სტატიის ქართული ვერსია გამოქვეყნდა გერმანულ-ქართული სამართლის ჟურნალის“ (DGZR – Deutsche-Georgische Zeitschrift für Recht) 2026 წლის მე-2 ნომერშიც.
იურისტები გიორგი ჯუღელი და ჰაინ ბიოლინგი ( მარცხნიდან მარჯვნივ), სამართლებრივი დასკვნის ქართველი და გერმანელი ავტორები
“იქმნება სასამართლოს მიერ საკითხისადმი აგდებული დამოკიდებულების, თვითნებობის შთაბეჭდილება”, - წერენ სტატიის ავტორები და მიუთითებენ, რომ „აკვაჰიდროსა“ და “ბლექსი გრუპის” საქმეზე გადაწყვეტილება არამარტო ამ დავაზე სამართლიანობის დადგენას აზიანებს, არამედ საინვესტიციო გარემოსაც:
“გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით აუქმებს ზღვარს იურიდიულ პირსა და მის პარტნიორებს შორის და ფიზიკურ პირებს აკისრებს კორპორაციულ ვალებს. ეს კი უხეშად არღვევს შეზღუდული პასუხისმგებლობის პრინციპს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაც ინვესტიციების წახალისებაა. პასუხისმგებლობის დამკვიდრებული პროგრამიდან - „კონტროლი პლუს ბოროტად გამოყენება“ - გადახვევა და მისი მხოლოდ საწარმოში წილობრივი მონაწილეობით ჩანაცვლება მძიმე სამართლებრივ გაურკვევლობას წარმოშობს. ინვესტორები და საწარმოს ხელმძღვანელები უნდა ელოდნენ, რომ ისინი პირადად აგებენ პასუხს საწარმოს ვალდებულებებზე, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებენ”, - წერენ ექსპერტები
სტატიაში საუბარია, რომ ამ საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორადაა განმარტებული გერმანული სამართლის ნორმები და ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება ევროპულ კონვენციას.
“ასეთ სამართლებრივ შედეგს არ იცნობს არც გერმანული და არც ქართული სამართალი. იგი, მით უმეტეს, არ გამომდინარეობს ერთიანი გარიგების ნორმებიდან, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 139-ე პარაგრაფი იქნება ეს თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლი. იგი უბრალოდ მცდარია, უფრო მეტიც, როგორც ითქვა, უბრალოდ გამოგონილია…
ეკონომიკური პროექტის ლოგიკისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის სტრუქტურის ასეთი აღრევა სამართლისთვის სრულიად უცხო და დაუსაბუთებელია…
გადაწყვეტილების კრიტიკული ანალიზისას იქმნება სასამართლოს მიერ საკითხისადმი აგდებული დამოკიდებულების, თვითნებობის შთაბეჭდილება.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით, გასაგები დასაბუთება განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, როდესაც ხდება ნორმის მკაფიო ტექსტისაგან გადახვევ…"
სამართლებრივი დასკვნის ავტორები ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუგონარს უწოდებენ: “და ბოლოს, ხელშეკრულების მხარის მე-2 საფეხურის მშობელი კომპანიის დომინანტი პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის დადგენით, სასამართლო სამსაფეხურიან გამჭოლ პასუხისმგებლობას აწესებს ე.ი. პირად პასუხისმგებლობას სამი კორპორაციული საფარვლის გავლით. ეს გარემოება განხილულ გადაწყვეტილებას სრულ უნიკუმად აქცევს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უშვებს მსგავს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც არ მოიძებნება.”
„სამართლის წესების იგნორირება” - ქართველი იურისტების შეფასება
რადიო თავისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაცნობა და შეფასება სთხოვა ორ ქართველ იურისტსაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არც გილაურთან და არც ამ დავასთან, და შეფასების დროს არც გერმანული ექსპერტების მოსაზრებები არ ჰქონდათ ნანახი.
ჩვენ მიერ შერჩეულ იურისტებს სამოქალაქო და კორპორაციული სამართლისა და მსხვილ ბიზნესკომპანიებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, ისინი ერთი და იმავეს ასკვნიან - სასამართლოს გადაწყვეტილება, - იმ ნაწილში, სადაც ფინანსურ ვალდებულებას აკისრებს ნიკა გილაურს და მის ისეთ კომპანიებს, რომლებიც ამ დავაში არ მონაწილეობენ, - არის დაუსაბუთებელი და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
“დაუშვებელია ის, რომ სასამართლო „რეფორმატიკსს“ აკისრებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმის გამო, რომ მისი დამფუძნებელი ნიკა გილაურია და ნიკა გილაურთან აქვს კავშირი. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან როგორც ჩანს, „რეფორმატიკსი“ არ ყოფილა სადავო ხელშეკრულებების მხარე. ერთი და იმავე პარტნიორის/მესაკუთრის ყოლა ავტომატურად არ ხდის აბსოლუტურად სხვა იურიდიულ პირს („რეფორმატიკსს“) პასუხისმგებელს სხვა კომპანიის ვალდებულებებზე. ეს არის კორპორაციული სამართლის ელემენტარული წესების აშკარა იგნორირება.
გილაურისა და „რეფორმატიკსის“ სოლიდარულ მოვალეებად გამოცხადებას არ გააჩნია არანაირი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი”, - ამბობს იურისტი რადიო თავისუფლებასთან.
“შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) არის დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიექტი. მისი დამფუძნებლები/პარტნიორები (მოცემულ შემთხვევაში ნიკა გილაური) პასუხს არ აგებენ საზოგადოების ვალდებულებებზე.
კომპანიის პარტნიორობა ან მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ წარმოადგენს პირადი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ასეთი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელია დამტკიცდეს პარტნიორის, ამ შემთხვევაში ნიკა გილაურის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება (მაგალითად, კომპანიის ქონების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვა, კრედიტორების მოტყუება). გადაწყვეტილებაში ამის შესახებ არცერთი მტკიცებულება ან მსჯელობა არ არსებობს”, - უთხრა მეორე იურისტმა რადიო თავისუფლებას.