ნატოში განაცხადეს, რომ მზად არიან პასუხი გასცენ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც ირანიდან მომდინარეობს და ალიანსის წევრ ქვეყნებს ემუქრება. ნატოს წარმომადგენელმა Reuters-თან კომენტარში თავდაცვას „ძლიერი და ეფექტიანი“ უწოდა.
ნატოს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, კომენტარი გააკეთა Financial Times-ის სტატიაზე, რომელშიც - ირანულ წყაროებზე დაყრდნობით - ნათქვამი იყო, რომ თეირანში განიხილებოდა ევროპაში, კერძოდ კვიპროსსა და ბულგარეთში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის ახალი ესკალაციის შემთხვევაში. იმაზე, რომ ასეთი დარტყმა რეალურად მზადდებოდა, სტატიაში საუბარი არ ყოფილა. მანამდე New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი შესაძლოა ასევე განიხილავდა უკრაინის პორტზე დარტყმის შესაძლებლობასაც კასპიის ზღვაში ირანულ გემზე უკრაინული დარტყმის საპასუხოდ - თუმცა ამ განზრახვაზე უარი თქვა.
გასულ თვეში ბულგარეთმა აშშ-ს ნება დართო, საწვავის შესავსებად გამოეყენებინა მისი ავიაბაზა. კვიპროსზე კი ბრიტანული ავიაბაზები მდებარეობს.
ირანს კომენტარი არ გაუკეთებია ევროპისკენ მიმართული მუქარის შესახებ მედიაში გავრცელებულ ბოლო ცნობებზე, თუმცა ირანის სარდლობის წარმომადგენლები 19 აგვისტოს მორიგი გაფრთხილებით გამოვიდნენ სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების მისამართით, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ. ირანის შეიარაღებული ძალების სარდალმა ალი აბდოლაჰიმ ისინი დაადანაშაულა შეერთებული შტატებისთვის დახმარების გაწევაში ირანზე დარტყმების მიყენებისას.
ეს განცხადება მოჰყვა არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილებას, განუსაზღვრელი ვადით გაწყვიტოს ირანთან ყველა სავაჭრო და ფინანსური კავშირი. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ირანი დაადანაშაულა იმაში, რომ მან საამიროების სანაპიროსთან მყოფი გემების მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლა. ირანმა ეს ბრალდებები უარყო.
ირანი დარტყმებს აყენებდა საამიროებს აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის „ცხელი ფაზის“ დროს მარტ-აპრილში. ბოლო კვირებში ირანი თავს დაესხა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებსაც, პირველ რიგში ქუვეითსა და ბაჰრეინს, ასევე იორდანიას - და ამტკიცებდა, რომ ეს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხო დარტყმები იყო.