გერმანიის კონტრდაზვერვამ რუსეთის, ჩინეთის და ირანის მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზი“ გახსნა

უკრაინაში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ბერლინში. 1 მარტი, 2025 წელი

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ „ცხელი ხაზი“ გახსნა ავტორიტარული ქვეყნებიდან - რუსეთი, ჩინეთი, ირანი - გერმანიაში მყოფი ემიგრანტებისა და დევნილებისთვის.

გერმანიაში მყოფ, თავშესაფრის მქონე ან/და თავშესაფრის მაძიებელ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი რეპრესიული ქვეყნების აგენტების მხრიდან მუქარისა თუ თავდასხმის საფრთხის წინაშე დგანან, უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მხარდაჭერის „ცხელი ხაზით“. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, უწყებამ ამ ქვეყნებიდან წასულებისთვის 16-გვერდიანი ბროშურა გამოუშვა. როგორც იტყობინებიან, ის, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია მათთვის, ვისაც შესაძლოა ემუქრებოდეს დევნა სამშობლოში ან საფრთხე ავტორიტარული მთავრობების აგენტებისგან უშუალოდ გერმანიაში. საუბარია პოლიტიკურ დისიდენტებზე, ჟურნალისტებსა და ლგბტ-თემის წევრებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადამიანები სულ უფრო ხშირად აწყდებიან თვალთვალს, დევნას, მუქარას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - ფიზიკური თავდასხმის ან სიცოცხლის მოსპობის მცდელობებსაც კი.

ბროშურაში აღნიშნულია, რომ BfV-ს, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა მას „რისკის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა მიაწოდონ, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამგვარ მცდელობებს, კერძოდ - მიაკვლიოს პასუხისმგებელ პირებს და დააკისროს მათ პასუხისმგებლობა.

გერმანიაში ახლა განიხილება სპეცსამსახურებისთვის, კერძოდ BfV-სა და საგარეო დაზვერვის სამსახურის BND-ისთვის, უფრო ფართო უფლებამოსილებების მინიჭება ე.წ. ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების სფეროში.

ბოლო წლებში გერმანიაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი შემთხვევაა 2019 წელს ბერლინში რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის მიერ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა.

გერმანიაში 2022 წელს თავისი მოწამვლის მცდელობის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა ელენა კოსტიუჩენკომაც (საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს). გერმანიის სპეცსამსახურები ბოლო წლებში აფიქსირებდნენ ქვეყანაში მცხოვრები რუსი ემიგრანტების - ოპოზიციონერი აქტივისტებისა თუ ჟურნალისტების მიმართ საფრთხეების ზრდას: თვალთვალს, რუსეთში მყოფი ნათესავების დაშინებასა და კიბერთავდასხმის მცდელობებს.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის სამიზნე პანკისელი: ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში