ზახაროვა: საქართველოში რუსოფობიური გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ

მარია ზახაროვა: „ვითვალისწინებთ საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის თავიდან ასაცილებლად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა  აცხადებს, რომ „რუსოფობიის“ კონტექსტში საქართველოში „სერიოზული ინციდენტები მოხდა“, ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს: 

„ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“.

მან ასევე დადებითად შეაფასა ოფიციალური თბილისის განცხადებები „რუსოფობიის დაუშვებლობასთან“ დაკავშირებით.

ასევე ნახეთ

„რუსოფობიაზე“ სასაუბროდ კობახიძემ ბრიფინგი გამართა აგვისტოს ომიდან მე-18 წლისთავზე

შეკითხვა საქართველოზე

  • 2026 წლის 20 აგვისტოს მას საქართველოს შესახებ შეკითხვა დაუსვა ნიკოლოზ მჟავანაძემ, - პრორუსული შეხედულებების მქონე ქართველმა ჟურნალისტმა, რომელმაც რამდენიმე თვეა, „სეზონი ტვ-ის“ დახურვის შემდეგ, საქართველო დატოვა.
  • პრესკონფერენციაზე დისტანციურად, ბელარუსიდან ჩართვისას მან ახსენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებები „რუსოფობიის“ დაგმობასთან დაკავშირებით და ზახაროვას ჰკითხა, რა გავლენას მოახდენს ბოლოდროინდელი მოვლენები რუსეთ-საქართველოს ტურისტულ კავშირებზე.

პასუხად ზახაროვამ კვლავ ისაუბრა „ძლიერ კულტურულ კავშირებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, მორიგ ჯერზე გააკრიტიკა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თქვა: მისი „პოლიტიკური სიგიჟით გამოწვეული ცნობილი პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად“, მოსკოვი „ცდილობს შექმნას აუცილებელი პირობები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობისთვის“.

მან მოსკოვის გადადგმულ ასეთ ნაბიჯებს შორის დაასახელა „2023 წელს უვიზო რეჟიმის გაუქმება მოკლევადიანი ვიზიტებისთვის“, შემდეგ „2024 წელს სწავლისა და მუშაობის მიზნით უვიზო რეჟიმის გაუქმება“; მისი თქმით, ამ ყველაფერმა „ტურისტული ნაკადის 1.5-ჯერ ზრდა გამოიწვია“.

ასევე ნახეთ

ერთ დღეში 20 ათასი მგზავრი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე? - რატომ არ ემთხვევა ქვეყნების მონაცემები ერთმანეთს

„სერიოზული ინციდენტები ყურადღებას მოითხოვს“

„თუმცა ბოლო დროს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ცალკეული სერიოზული ინციდენტები მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს მჭიდრო ყურადღებას და შესაბამის ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, - თქვა მან.

კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, მან იგულისხმა კახეთში, თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილისას მომხდარი ინციდენტი: სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება, რაც ძალადობაში გადაიზარდა.

ასევე ნახეთ

ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა

„ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა თანახმადაც თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის თავიდან ასაცილებლად და სრულად უზრუნველყოფს ყველა რუსის უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოში ჩამოდის“, - განაცხადა ზახაროვამ.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უპირობო პრიორიტეტი რჩება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი მიზნით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს პოზიცია თავის მოქალაქეებთან მიმართებაში“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

რუსი ტურისტი საქართველოში: სტუმარი, მეზობელი თუ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე?

თბილისი „რუსოფობიის“ წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, 12 აგვისტოს, საქართველოში „რუსოფობიაზე“ სასაუბროდ ბრიფინგი გამართა.

  • პრემიერმა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში დაწყებული ომი „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა და კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში „საქართველოს ჩართვაზე“.
  • რუსოფობიის მაგალითებად კობახიძემ დაასახელა აქცია 2023 წელს რუსი ტურისტების საკრუიზო გემ Astoria Grande-ს შემოსვლისას და სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის მოქალაქეების ქორწილის დროს ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას პროტესტი.
  • იმ დღეს იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა ქმართან, ალექსანდრ ვინოკუროვთან ერთად. სასტუმროში ლავროვას მაზლის ქორწილი უნდა გამართულიყო.
  • პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება 5 აგვისტოს დაწყებული გამოძიება საბოტაჟის მუხლით - „საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით“.

ასევე ნახეთ

შარდი ხინკალში და მიტოვება ტყეში - ვინ ავრცელებს "ფეიკებს" რუს ტურისტებზე?