მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ნგრევა და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას. რუსეთის ჯარებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით 20-დან 21 აგვისტოს ღამით დაარტყეს.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩუგუევის რაიონის სოფელ ლებიაჟეში დაიღუპნენ 66 და 73 წლის ქალები. კიდევ ორი დაჭრილია. ხანძარი გაუჩნდა ხუთ კერძო სახლს. კიდევ სამი სახლი დანგრეულია, ოცამდე კი დაზიანებული.
სულ მცირე ორი ადამიანი დაიჭრა ქალაქ სუმიში. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა იყო ოთხ ადგილზე, სადაც მასშტაბური დაზიანებებია, მათ შორის სახლების.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი დაიჭრა რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზაპოროჟიეში. დაზიანებულია მუნიციპალური ავტოტანსპორტი.
ასევე ნახეთ
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა რუსეთის შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო21 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქ კიევში გლოვაა დიდი მსხვერპლის გამო, რომელიც წინა დღეს მოჰყვა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევას.
რუსეთის ჯარებმა 20 აგვისტოს განმავლობაში კიევს ორჯერ დაარტყეს. დაიღუპა 17 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ კიევში სამხედრო დანიშნულების ობიექტებს დაარტყეს. მას არაფერი უთქვამს სამოქალაქო ობიექტების ნგრევა-დაზიანებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.
- უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ომის დანაშაულია.
- რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს უარყოფს.
ასევე ნახეთ
ივლისში უკრაინაში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2022 წლის მაისის შემდეგთავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ინტენსიურად უტევენ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს.
რუსეთის ხელისუფლება ამ შეტევებს „ტერორისტულს“ უწოდებს, უკრაინის ხელისუფლებისთვის კი ეს არის „სამართლიანი პასუხი“ რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.