უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს. უკრაინა მიიჩნევს, რომ ეს „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტით, სანქცირებული არიან „მაშა და დათვის“ ავტორი სტუდია „ანიმაკკორდი“, მისი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, სერიალის თანაავტორი და ანიმაციურ ფილმზე უფლების მფლობელი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული რეაგირებაა საჭირო, როცა რუსული პროპაგანდა ბავშვებზეა მიმართული და მსხვილი საერთაშორისო პლატფორმებით ვრცელდება.
სანქციები ნიშნავს ამ პირებისთვის უკრაინაში ჩასვლისა და ფინანსური ოპერაციების და მათთან საქმიანი კონტაქტების აკრძალვას.
ასევე ნახეთ
ბრიტანეთში პარლამენტის წევრები მოითხოვენ „მაშა და დათვის“ ჩვენების შეჩერებას- 2026 წლის ივნისში უკრაინაში პროტესტი გამოიწვია ამერიკული Netflix-ის გადაწყვეტილებამ, შეეძინა „მაშა და დათვის“ ორი ახალი სეზონის ჩვენების უფლება და ლიცენზია გაეფართოებინა 100-ზე მეტ ქვეყანაში. Netflix-ზე ამ რუსულ ანიმაციურ სერიალს უკვე 11 წელია აჩვენებენ.
- ივლისში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართა და მოითხოვა, რომ პროპაგანდისტული შინაარსის გამო „მაშა და დათვი“ ამოიღონ ინტერნეტ-ნაკადოვანი ჩვენებიდან.
- სტუდია „ანიმაკკორდმა“ ბრალდებებს „ცრუ და ცილისმწამებლური" უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსება არასდროს მიუღია.