21 აგვისტოს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ პერმის იმ რაიონში, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. მისი მფლობელი კომპანია „ლუკოილია“.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ.
პერმის მხარის გუბერნატორ დმიტრი მახონონის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „დაფიქსირებულია დაზიანებები ერთ სამრეწველო ობიექტზე". რა ობიექტია ეს, გუბერნატორს არ უთქვამს.
მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა Exilenova+-მა და Supernova+-მა პერმის მცხოვრებთა მიერ გადაღებულ კადრებსა და მათგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზით დაადგინა, რომ კვამლია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ თავზე.
- „ლუკოილის“ პერმის ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და საავიაციო ნავთს აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა პერმის ქარხანას ორჯერ დაარტყეს 2026 წლის გაზაფხულზე და დაახლოებით სამი კვირის წინაც, 29 ივლისს.
ასევე ნახეთ
უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთში დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ტერმინალს- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.