ზელენსკიმ დაადასტურა დარტყმა რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომსა და „ლუკოილის“ ქარხანაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 21 აგვისტოს თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ პერმში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

სოციალური ქსელებით 21 აგვისტოს დღისით გავრცელებულ ცნობაში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 1600-ს კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული.

მანამდე, 21 აგვისტოს დილით რუსული მედიასაშუალებები და მონიტორინგის უკრაინული არხები წერდნენ, რომ პერმში დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზზე“. პერმის მხარის გუბერნატორმა დმიტრი მახონონმა განაცხადა, რომ „დაფიქსირებულია დაზიანებები ერთ სამრეწველო ობიექტზე", თუმცა კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

  • კომპანია „ლუკოილის” პერმის ქარხანას, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 29 ივლისს.

ასევე ნახეთ

რუსეთმა ხარკოვის, სუმის და ზაპოროჟიეს ოლქებს დაარტყა, არის მსხვერპლი

„ომის შედეგებს ვაბრუნებთ იქ, საიდანაც მოვიდა“

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 21 აგვისტოს თავდაცვის ძალებმა დაარტყეს სამხედრო აეროდრომ „მარინოვკას“, რომელიც ვოლგოგრადის ოლქში მდებარეობს.

  • ქალაქ ვოლგოგრადიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ მარინოვკაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე, რუსული წყაროების თანახმად, სუ-24 ტიპის მზვერავი თვითმფრინავებია დისლოცირებული.
  • ამ აეროდრომს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2024-2025 წლებშიც დაარტყეს.

პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, დადასტურებულია 20 აგვისტოს განხორციელებული შეტევის შედეგებიც - სამხედრო აეროდრომ „ახტუბინსკში“ დაზიანებულია რუსული თვითმფრინავი სუ-34, ხოლო პრიმორსკო-ახტარსკში განადგურებულია დამრტყმელი დრონების შენახვის, მომზადებისა და უკრაინისკენ გაშვების ადგილები.

  • რუსეთის ასტრახანის ოლქის ქალაქ ახტუბინსკში მდებარე სამხედრო აეროდრომსა და კრასნოდარის მხარეში, პრიმორსკო-ახტარსკის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე დრონებით შეტევის შესახებ 20 აგვისტოს წერდნენ რუსული და უკრაინული მედიასაშუალებები.

უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა სიზუსტისთვის. ზელენსკის თანახმად, „შორს დარტყმების სანქციებით განაგრძობენ ომის შედეგების დაბრუნებას იქ, საიდანაც მოვიდა“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, პერმის ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზზე“ დარტყმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ხანძარი, ვოლგოგრადის ოლქში აეროდრომ „მარინოვკაზე” დარტყმით გამოწვეული ზიანი კი დაზუსტების ეტაპზეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია.

ოფიციალური არხებით 21 აგვისტოს დილით გავრცელებული ზოგადი ცნობით, 20 აგვისტოს საღამოს რვა საათიდან 21 აგვისტოს დილის რვა საათამდე რუსეთის 15 რეგიონში, მათ შორის ასტრახანში, ვოლგოგრადსა და პერმში, ასევე ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 325 უკრაინული დრონი. ეს სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

ასევე ნახეთ

დრონებით დარტყმის შედეგად მუშაობა შეაჩერა გამშვებმა პუნქტმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე
  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.