რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი შეავსო. სიას შეემატნენ ჟურნალისტი და ლგბტ-აქტივისტი მილოსლავ ჩემოდანოვი, ჟურნალისტი და რეჟისორი-დოკუმენტალისტი იგორ სადრეევი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და უფლებადამცველი პროექტ „კრასნაია კნოპკას“ შემქმნელი ალექსანდრ ლიტრეევი, ჟურნალისტი და მოხალისე ნატალია კისელიოვა, ასევე პოლიტოლოგი და პროექტ „ხრონიკის“ მკვლევარი ვსევოლოდ ბედერსონი.
გარდა ამისა, „უცხოეთის აგენტებად“ ცნეს გამოცემა „მედიაზონა“, რომელიც რუსეთში პოლიტიკურ რეპრესიებზე წერს და BBC-ის რუსულ სამსახურთან ერთად რუსეთის არმიის დანაკარგების დამოუკიდებელ აღრიცხვას ეწევა, და პროექტი „პერვიმ რეისoმ“ - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დემოკრატი რუსების გაერთიანება.
„მედიაზონასთვის“ ეს უკვე მეორე „უცხოეთის აგენტის სტატუსია“. პირველად 2021 წელს, „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანეს შპს „ზპ“ - იურიდიული პირი, რომელმაც „მედიაზონა“ დააფუძნა. მოგვიანებით ეს იურიდიული პირი ლიკვიდირებულ იქნა. ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ „მედიაზონა“ რეესტრიდან ამოიღო - იმ მომენტიდან გამოცემა ფორმალურად არ შედიოდა ჩამონათვალში.
2012 წელს მიღებულმა კანონმა „უცხოეთის აგენტების შესახებ“ იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა, არასამეწარმეო ორგანიზაციები „უცხოეთის აგენტებად“ ცნოს, თუ ისინი, რუსეთის ხელისუფლების ვერსიით, საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.
მოგვიანებით გაჩნდა შესაძლებლობა, „უცხოეთის აგენტებად“ ეცნოთ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირებიც, მათ შორის ისინიც, ვინც უცხოურ დაფინანსებას არ იღებს, თუმცა „უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფება“. თუ რა უნდა ჩაითვალოს უცხოურ გავლენად, რუსეთის კანონმდებლობა არ აზუსტებს. როგორც წესი, რეესტრში შეჰყავთ ხოლმე უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეები.
იუსტიციის სამინისტროს რეესტრში ამჟამად 1,2 ათასზე მეტი ადამიანი და ორგანიზაციაა. როგორც წესი, იუსტიციის სამინისტრო მას პარასკეობით აახლებს. რეესტრში შეყვანა უფლებების არსებით შეზღუდვას ნიშნავს.
უფლებადამცველები „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონს რეპრესიულს უწოდებენ. რუსეთში მოქალაქეთა წინააღმდეგ რეგულარულად აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები „უცხოეთის აგენტის“ მოვალეობების შეუსრულებლობის ბრალდებით.