რუსული Ozon-ის საწყობებზე შეტევა იყო კრასნოდარში, სტავროპოლში, დაღესტანსა და ადიღეში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის დაიწყეს ინტენსიური შეტევა კომპანია Ozon-ის საწყობებზეც. 22 აგვისტოს დარტყმა იყო სამარის ოლქში მდებარე ლოგისტიკის ცენტრზე

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის რუსული კომპანიის, Ozon-ის საწყობებზე კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში და დაღესტნის და ადიღეს რესპუბლიკებში.

რუსული მედიასაშუალებების და მონიტორინგის უკრაინული არხების მიერ 24 აგვისტოს გამთენიისას გავრცელებული პირველი ცნობები Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრებზე დარტყმებისა და ხანძრების შესახებ, დილით დაადასტურეს რუსეთის ამ რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თავად კომპანიამ.

კრასნოდარი და სტავროპოლი

ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-მა განაცხადა, რომ კრასნოდარში დრონებით შეტევა იყო ლოგისტიკის ცენტრზე და საწყობში მასშტაბური ხანძარია. Ozon-ის თანახმად, თანამშრომლების ევაკუაცია „ოპერატიულად“ უზრუნველყო.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ Ozon-ის მსხვილ საწყობზე შეტევა იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკშიც.

ასევე ნახეთ

რუსეთზე დრონებით შეტევა იყო, ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა შორის ბავშვებიც არიან

დაღესტანი და ადიღე

მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, 24 აგვისტოს დრონებით შეტევა იყო კომპანია Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრზეც დაღესტნის რესპუბლიკის დაბა ტიუბეში.

დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, ფედორ შჩუკინის თანახმად, დრონების „ფრაგმენტების ჩამოცვენის“ შედეგად ხანძარი გაჩნდა საწყობებში. მას კონკრეტული კომპანია არ დაუსახელებია.

მოგვიანებით თავად Ozon-ის პრესსამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დაღესტანში დრონებით შეტევა იყო მახაჩყალის ლოგისტკის ცენტრზე, სადაც ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საწყობი გაურკვეველი ვადით დახურეს.

ადიღეს რესპუბლიკის მეთაურმა მურატ კუმპილოვმა 24 აგვისტოს დილით დაადასტურა, რომ ტახტამუკაის რაიონზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრის ტერიტორიაზე.

  • 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ინტენსიური შეტევა ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში.
  • აგვისტოს ბოლოსთვის შეტევა გააქტიურდა Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრებზეც.