165 ლარი, აყვავებული ეკონომიკა

ავტორი - ნანა ომანაშვილი

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შევედი. ორი სალარო მუშაობდა. ერთ-ერთთან მივედი, გავჩერდი, მოლარეს ვუთხარი რაც მინდოდა. ისიც თავის საქმეს შეუდგა.

ცოტა ხანში ერთი ქალი შემოვიდა, პატარა ბიჭთან ერთად. მეორე სალაროსთან მივიდა და მოლარეს ელაპარაკებოდა. ფიქრებში ვიყავი გართული და თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია. უცბად ყურში მომხვდა:

„ ყველაზე დაბალი სინჯის ოქროა 165 ლარზე მეტს ვერ მოგცემთო“.

გვერდით მე ვდგავარ, ჩემი გამომუშავებული ფულით ხელში, ცხოვრებით უკმაყოფილო.

თითქოს იქ ვერ გავიაზრე, რა მოხდა. კუთვნილი თანხა ავიღე, ჩანთაში ჩავიდე და გამოვბრუნდი. მაღაზიებში შევბოდიალდი. პერიოდულად მახსენდებოდა სიტყვები: „ დაბალი სინჯი“, „165 ლარი“, „მეტს ვერ მოგცემთ“. თვალწინ დამიდგა დედის გვერდით აცქმუტებული ბავშვი.

რამდენიმე დღე თავიდან ვერ ამოვიგდე. ალბათ, იმ ფულით, საჭმელი ან წამალი უნდა ეყიდათ. რა უნდა მოსვლოდათ ან რამდენ ხანს უნდა ჰყოფნოდათ?

შემრცხვა. მე ბევრი ფულით ხელში, რომელიც თავად გამოვიმუშავე, არავისთვის წამირთმევია, იმ წამს ცხოვრებით უკმაყოფილო ვიყავი. დედა, რომელიც სავარაუდოდ ჩემი ასაკის იქნებოდა, შეიძლება პატარაც, შვილის ან შვილების გამოკვებისთვის იბრძოდა.

165 ლარი, ნეტავ, რამდენ ხანს ეყოფოდათ?