რუსეთში "არასაკმარისად დაცული" ობიექტები გადავა ფედერალურ მმართველობაში

რუსეთში "არასაკმარისად დაცული" საწარმოები გადავა ფედერალურ მმართველობაში. 2026 წლის 23 აგვისტო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 აგვისტოს ხელი მოაწერა კანონს "რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ". დოკუმენტის თანახმად, თუ ამგვარი საწარმოების მესაკუთრეები არ გაატარებენ სათანადო ზომებს მათი დაცვისთვის - მათ შორის დრონებისგან - საწარმო შესაძლოა დროებით გადაეცეს გარე მმართველობას.

დოკუმენტის მიხედვით, გარე მმართველობას განახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალური სააგენტო ან პირი, რომელიც შეირჩევა "პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე". დროებით მმართველს შეეძლება, განკარგოს საწარმოთა მოძრავი და უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და წილები საბაზისო კაპიტალში, ასევე ისარგებლოს მესაკუთრის სხვა უფლებებით.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებია მათ შორის საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის საწარმოები, კავშირგაბმულობის ობიექტები, ასევე კომუნალური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ბოლო ხანებში უკრაინის დრონებით სულ უფრო ხშირად ხორციელდება თავდასხმები რუსეთის საწარმოებზე, უწინარესად ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპლექსებზე - ანუ ე.წ. მარკეტპლეისების, Wildberries-ისა და Ozon-ის საწყობებზე. რუსეთში აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, საკუთარი უსაფრთხოება საწარმოს უნდა უზრუნველეყო დამოუკიდებლად ან დაცვის კერძო სტრუქტურების ჩართვით.

ასევე ნახეთ

რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე დრონებით მასირებული შეტევა იყო