„ოცნება“ ხედავს რუსეთის წარუმატებლობას, არბილებს პოზიციებს უკრაინასთან - ოპოზიციის ნაწილი

24-25 აგვისტოს უკრაინასთან დაკავშირებული ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბის შემდეგ ოპოზიციის ნაწილში ამბობენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ ადრეც უჭერდნენ მხარს უკრაინას და ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ.

ეს ოთხი ამბავი კი ასეთია:

  • 24 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ უკრაინას ვიდეომიმართვით მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. „გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს უკრაინას“, - ამბობს ის უკრაინის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში;
  • იმავე დღეს პირველმა ლედიმ, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიანმა კიევში მიმდინარე სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა - ეს თბილისის მონაწილეობის პირველი წელია ამ ღონისძიების ოლენა ზელენსკის მიერ 2021 წელს დაფუძნების შემდეგ;
  • იმავე საღამოს თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს;
  • 25 აგვისტოს გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც რუსეთს მოუწოდა, დასთანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. მათ შორისაა საქართველოც.

ასევე ნახეთ

გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა - მათ შორისაა საქართველოც

უკრაინასა და საქართველოს დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.

წლების განმავლობაში მათ ელჩები არ ჰყავდათ ერთმანეთთან მივლენილები და დროებითი რწმუნებულების დონეზე აგრძელებდნენ ურთიერთობებს.

საქართველოს ახლაც არ ჰყავს ელჩი უკრაინაში; უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი, თუმცა შერჩეული დიპლომატი, მიხაილო ბროდოვიჩი ჯერ თბილისში არ ჩამოსულა.

„შედარებით შერბილებული პოზიცია“

25 აგვისტოს სულ მცირე ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხელისუფლება უკრაინის მიმართ პოლიტიკას ცვლის.

„ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ თქვა, რომ საზოგადოება „ხედავს „ქართული ოცნების“ უკან დახედავს უკრაინის საკითხზე“:

„ხედავენ რა იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, - განსხვავებით მათი მოლოდინისგან ... „ქართული ოცნების“ უპრინციპო, უსახო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინაზე შედარებით შერბილებული პოზიცია ჰქონდეთ“, - განაცხადა მან.

„გაახსენდათ, რომ თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება ხოლმე წელიწადში ერთხელ და თურმე ანძა შეიძლება გაანათო უკრაინის დროშის ფერებში, ნაცვლად იმისა, რომ ლანძღო უკრაინა, დაესხა მას თავს, უწოდო მას ომის პარტია და დაადანაშაულო უკრაინა იმ ომის დაწყებაში, რომელიც დაიწყო რუსეთმა, რასაც სჩადიოდნენ „ქოცები“ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - თქვა გეგელიამ.

ასევე ნახეთ

„გვინდა, სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“ - პოდოლიაკი თბილისი-კიევის ბოლო კონტაქტების შემდეგ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოფნისას განაცხადა, რომ „ყველამ იცის, სინამდვილეში რა პოზიციაც აქვს ბიძინა ივანშვილს“, თუმცა თუმცა „ქართული ოცნებაც“ ხედავს, „როგორ კატასტროფულად მარცხდება რუსეთი“:

„დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს და მათ შორის, ივანიშვილის რეჟიმის წევრებიც და ივანიშვილიც ხედავს, როგორ კატასტროფულად მარცხდება რუსეთი, ამიტომაც საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს ეს ხალხი“, - თქვა მან.

რას ამბობენ „ოცნებაში“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო აქამდეც მიერთებია ასობით ანტირუსულ რეზოლუციას და გაეროს წევრების განცხადებაზე თბილისის მიერთებაში „ახალი არაფერია“.

„700 ანტი-რუსულ რეზოლუციაზე მეტს შეუერთდა საქართველო, სპონსორიც კი იყო... ასე რომ, მოდით, ამ ტყუილებს თავი დავანებოთ. ჩვენ სამართლის და სიმართლის მხარეს ვიქნებით ყოველთვის“, - განაცხადა მან.

„ჩვენ ყოველთვის ამას ვაკეთებდით, საქართველო ყოველთვის ცნობდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, აგრესიას და ოკუპაციას ყოველთვის გმობდა და მომავალშიც ასე მოიქცევა“, - თქვა შარმანაშვილმა.

თბილისი-კიევის ურთიერთობები

უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ, 21 აგვისტოს, უკრაინის საქმეთა რწმუნებულმა, დმიტრო ბერეჟნიმ, ქართველ საზოგადოებასა და ფრონტზე მყოფ ქართველ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ერს შორის არსებულ „საბრძოლო ძმობასა“ და მტკიცე სოლიდარობაზე.

  • 2026 წლის 15 მაისს მოლდოვაში გამართეს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიი სიბიჰამ.
  • ეს მხოლოდ მაისის პირველ ნახევარში ორი ქვეყნის მინისტრების რიგით მესამე საუბარი იყო (სატელეფონო საუბრის ჩათვლით), - რაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არ მომხდარა.
  • 4 მაისს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე ნახეთ

ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრა ერევანში - რა [არ] ვიცით