სხვადასხვა წყარომ ეს ამბავი დაუდასტურა CBS-საც, „ფაინენშელ ტაიმსის“ უკრაინის კორესპონდენტსაც და ვაშინგტონში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) კორესპონდენტსაც. საკუთრივ უწყების ან თეთრი სახლის კომენტარი ჯერაც არ გავრცელებულა.
CIA-ს ხელმძღვანელის მოულოდნელი ჩასვლა, ცხადია, აჩენს კითხვებს ამ ვიზიტის მიზნებზე, რომელიც მიმდინარეობს ვაშინგტონის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მცდელობებისა და რუსეთ-ირანის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის გამო დაძაბულობის ფონზე.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ჩასვლა კი დაადასტურეს, მაგრამ უარი თქვეს მისი შეხვედრების დღის წესრიგის გამხელაზე.
თავდაპირველად CBS-მა გაავრცელა ინფორმაცია ვიზიტის თაობაზე, რაზეც მიანიშნებდა ფრენების შესახებ მონაცემები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ აშშ-ის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი აშშ-იდან ლატვიის გავლით მოსკოვში ჩაფრინდა. თვითმფრინავი, რომელიც მერილენდში მდებარე „ერთობლივი ბაზა ენდრიუსიდან“ (Joint Base Andrews) იღებდა სტარტს, 25 აგვისტოს დილით მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა და ფრენების შესახებ მონაცემების მიხედვით, რუსეთი მოგვიანებით, იმავე დღეს დატოვა.
ასევე ნახეთ
CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდაუჩვეულო ვიზიტმა წარმოშვა არაერთი შეკითხვა - რატომ შეიძლებოდა გამგზავრებულიყო აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს უფროსი რუსეთში ასეთ დელიკატურ დროს? CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ბოლო ცნობილი ვიზიტი რეტკლიფის წინამორბედ უილიამ ბერნსს უკავშირდება. ის რუსეთში 2021 წლის ნოემბერში ჩავიდა, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე სამი თვით ადრე.
ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია Saratoga Foundation-ის ხელმძღვანელის, რუსეთის ექსპერტ გლენ ჰოვარდის თქმით, მაშინდელმა ვიზიტმა აჩვენა, რომ ფსონები ძალიან იყო გაზრდილი:
„CIA-ს დირექტორები მოსკოვში ისე არ ჩადიან, თუ რამე სათხოვნელი არ არის. ისინი ამხელა გზას არ გადიან რუსეთამდე, თუ ეს მნიშვნელოვანი არ არის. ბერნსი იქ ჩავიდა 2021 წლის ნოემბერში, რუსეთის შეჭრამდე - რომ გაეფრთხილებინა ისინი, არ შეჭრილიყვნენ“.
ომის განმავლობაში აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნები ინარჩუნებენ რუსეთის დაზვერვასთან კონტაქტებს, თუმცა ასეთი დონის პირისპირ შეხვედრები იშვიათობაა.
მათრახი და თაფლაკვერი?
რეტკლიფის ვიზიტის ერთი შესაძლო ახსნა არის უკრაინა, განსაკუთრებით ადმინისტრაციის მცდელობა განსაზღვროს, ჯერაც შესაძლებელია თუ არა რუსეთის დარწმუნება ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების გამართვაში. 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული ტრამპისა და პუტინის სამიტის მიუხედავად, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე პროცესი შეჩერდა.
ასევე ნახეთ
რატომ არ ჩერდება ომი?!„იმედს დავიტოვებდი, რომ მისი დღის წესრიგის საკითხების სათავეში არის ვლადიმირ პუტინისგან უკრაინის წინააღმდეგ ამ შიშველი აგრესიის ომის დასრულების პირდაპირ მოთხოვნა“, - უთხრა რთე/რთ-ს ბრედლი ბოუმენმა, ვაშინგტონში მოქმედი „დემოკრატიების დაცვის ფონდის“ სამხედრო და პოლიტიკური ძალის ცენტრის უფროსმა დირექტორმა.
ბოუმენი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრთა ყოფილი მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ამბობს, რომ ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ომის დაუსრულებლობა რუსეთის წინააღმდეგ სულ უფრო მეტად მტკივნეული ზომების გამოყენებას გამოიწვევს, პარალელურად აშშ და მისი მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის დახმარებას, რომ მან თავი დაიცვას.
ბოუმენმა კიდევ ერთი შესაძლო საკითხი ახსენა: რუსეთის მიერ ირანის მხარდაჭერა.
რუსეთი და ირანი
„ვიმედოვნებ, ის აგრეთვე იტყვის, რომ ვლადიმირ პუტინისთვის უმჯობესი იქნება, შეწყვიტოს ირანის დახმარება სატელიტის გაშვებით“, - ამბობს ბოუმენი, რომელსაც აგრეთვე მიაჩნია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს ირანის ისეთი მხარდაჭერა, რომელიც ირანს დაეხმარება აშშ-ის ძალების მიზანში ამოღებაში, მათ შორის ინფორმაციის, დრონების გამოყენებასთან დაკავშირებული დახმარებისა და სხვა სამხედრო საშუალებებით.
რუსეთს ირანთან ფართო სამხედრო და სავაჭრო კავშირები აქვს. რეტკლიფის ვიზიტი ერთ დღეში მოჰყვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებას ახალ ძალისხმევაზე „ყველა ეკონომიკური ხაზის ჩაჭრაზე, რომლებიც ტირანული რეჟიმის შენარჩუნებას უწყობენ ხელს, მანამდე, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება“ და განაცხადა, რომ მესამე ქვეყნებს განესაზღვრებათ ვადები იმ ქმედებების შესაწყვეტად, რომლებიც ირანის რეჟიმს არსებობის გახანგრძლივებაში ეხმარება.
რუსეთის ექსპერტი გლენ ჰოვარდიც ვარაუდობს, რომ ირანი შესაძლოა იყოს რეტკლიფის მისიის ცენტრალური საკითხი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს უფრო მისი ვარაუდია, ვიდრე დადგენილი ფაქტი. მას მიაჩნია, რომ რეტკლიფი შესაძლოა შეეცადოს მოსკოვის დარწმუნებას ირანისთვის დახმარების შეწყვეტაში, რითაც თავის ვიზიტს მოსკოვის მიმართ უჩვეულოდ პირდაპირ გაფრთხილებად აქცევს.
ასევე ნახეთ
სკოტ ბესენტი ირანზე: ხაზინა გააგრძელებს რეჟიმის მხარდამჭერი ყველა სასიცოცხლო ხაზის ჩაჭრასბოუმენი იშველიებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის ინფორმაციას სამიზნეებზე და გადასცემს დრონების ტაქტიკასა და ტექნიკებს, რომლებიც უკრაინაში ომის დროს განვითარდა. ის ირწმუნება, რომ მოსკოვის მხარდაჭერა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ირანი ახერხებს სამხედრო მედეგობის შენარჩუნებას და მოლაპარაკებებზე მისი იძულებისთვის ზეწოლასთან გამკლავებას.
იშვიათი ვიზიტი დელიკატურ დროს
რეტკლიფის მოსკოვში გამგზავრება აღსანიშნავია რუსეთის მიმართ მისი პირადი „ქორული“ რეპუტაციის გამო. ჰოვარდმა გაიხსენა რეტკლიფის მიერ უკრაინაში CIA-ს მრჩევლების რაოდენობის შენარჩუნების მხარდაჭერა იმის მიუხედავად, რომ პენტაგონი იქ მრჩეველთა შემცირებისკენ იხრებოდა.
ჰოვარდს მიაჩნია, რომ ეს მიანიშნებს რეტკლიფის განსაკუთრებულად ძლიერ კავშირზე ტრამპთან. „პრეზიდენტი მას ყურს უგდებს“, - თქვა ჰოვარდმა.
მოსკოვი აშშ-ს ადანაშაულებს რუსეთზე დარტყმების განსახორციელებლად უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაში.
მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთმა სახელმწიფო დეპარტამენტს წინასწარი მტკიცებულების გარეშე გაუგზავნა შეკითხვა „სადაზვერვო ინფორმაციის საკითხზე და აშშ-ის სულ უფრო ღრმა ჩართულობაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ორგანიზებასა და განხორციელებაში“.
პატიმრობაში მყოფი ამერიკელები
ზოგიერთი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ რეტკლიფის ვიზიტის დღის წესრიგში შესაძლოა იყოს რუსეთის ციხეებში მყოფი ამერიკელების საკითხი.
CIA-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრობაში მყოფი ამერიკელების გათავისუფლებასა და ამერიკაში დაბრუნებაში, მათ შორის 2024 წლის გაცვლაში, როცა გათავისუფლდნენ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, რთე/რთ-ს ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ ველანი.
რეტკლიფმა ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ამერიკის მოქალაქის, კსენია კარელინას გათავისუფლებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში - კარელინამ წელიწადზე მეტი გაატარა ციხეში, რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის მხარდაჭერაში დადანაშაულების გამო.
ასევე ნახეთ
კრემლი: რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა იმსჯელეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლის შესაძლებლობაზე„აშშ-ის ნებისმიერი ხელისუფლების მაღალჩინოსნისთვის სერიოზული პასუხისმგებლობაა მოლაპარაკებების წარმოება ამა თუ იმ ქვეყანასთან, რომელსაც უსაფუძვლოდ ჰყავს დაკავებული ამერიკის მოქალაქე, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს საკითხის წამოსაჭრელად“.
პასუხგაუცემელი კითხვაა, წარმოადგენს თუ არა რეტკლიფის ვიზიტი დაძაბულობის ზრდას, დიპლომატიური გზის ან სპეციფიკური ტრანზაქციისთვის სადაზვერვო არხის გახსნას.