დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა და მათივე განცხადებით, „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით“ გამოძიების შედეგად დადგენილი რამდენიმე გარემოებაც გაასაჯაროვა.

გამოძიების ვერსიით, დაურ ბუავასთან, მის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, 23 აგვისტოს, გვიან ღამით სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.

გამოძიება აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკი ერთად მოიხმარეს, თუმცა ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ „მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება“.

პროკურატურის ცნობით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრალდებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

„გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისივე განმარტებით, გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა“.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ დაურ ბუავას მიერ ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”-ს მოხმარების და ალკოჰოლის მიღების ფაქტები ქიმიურმა ექსპერტიზამაც დაადასტურა.

„დაურ ბუავას საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში და სადარბაზოში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა ბრალდებული ვ.კ. ჩანაწერებში ასევე ჩანს, რომ იმავე დღეს 23 აგვისტოს, 01:57 საათზე და 02:38 საათზე დაურ ბუავა მარტო გადის სახლის სადარბაზოდან და ისევ დაახლოებით ორ წუთში უკან ბრუნდება. ამის შემდეგ დაურ ბუავა კამერებზე აღარ ფიქსირდება“, - წერია უწყების იერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, აცხადებს პროკურატურა, რომ 25 აგვისტოს, 09:43 საათზე დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ტოვებს ბრალდებული ვ.კ., რომელიც სავარაუდოდ ჯერ კიდევ შეუძლოდ არის და მას სადარბაზოში მყოფი ადგილობრივი მაცხოვრებლები ეხმარებიან.

ასევე ნახეთ

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

30 აგვისტოს ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა, რომელთაც საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ ნარკოტიკული საშუალებები: მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის პირია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა ბრალდებულ ვ.კ.-ს, რაც ვ.კ.-მ მოგვიანებით დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

„არ ვეთანხმებით ამ ვერსიას, დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავატარებთ“ - დაურ ბუავას ადვოკატი

ბლოგერის ადვოკატი, ნათია მეზვრიშვილი არ ეთანხმება გამოძიების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ დაურ ბუავა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა და რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის მოითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

„ოჯახი, როგორც ვიცი, მოსკოვში ცხოვრობს და ამ ეტაპზე, მათთან კონტაქტი არ მაქვს. მე მეგობრების თხოვნით ჩავერთე საქმეში. ჩვენ გამოძიების ვერსიას არ ვეთანხმებით. ეს არის მხოლოდ ვერსია და არ არის დადასტურებული აღნიშნული ფაქტი. ჩვენ ვაპირებთ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას. ახლა ვართ დამოუკიდებელი ექსპერტის მოძიების პროცესში“, - განუცხადა ნათია მეზვრიშვილმა რადიო თავისუფლებას 29 აგვისტოს.

ხოლო დაურ ბუავას მეგობრების თქმით, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ახალგაზრდა კაცი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ვარჯიშობდა.

ასევე ნახეთ

აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

  • აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა;
  • ბრალის წაყენებას წინ უსწრებდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე ვიდეოების გავრცელება - დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“;
  • ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის დეკემბერში გამარტივებული წესით მიიღო.