ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა

შვეულმფრენს ხმელეთზე გადმოჰყავს გემის მგზავრები, რომელიც ჩრდილოეთი კვიპროსის ნაპირთან გადაბრუნდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი. 30 აგვისტო, 2026 წელი

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემმა კატასტროფა განიცადა, რასაც სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ანკარის მიერ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის პრემიერმინისტრმა უნალ უსთელმა ტელეკომპანია CNN Turk-ს განუცხადა.

სამგზავრო გემი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 270 ადამიანი იმყოფებოდა, საპორტო ქალაქ კირენიიდან გასვლიდან მალევე, 6,5 კილომეტრში გადაბრუნდა.

სანაპირო დაცვა და სხვა სამაშველო ჯგუფები 20-ზე მეტ ადამიანს კვლავ ეძებენ, განაცხადა უსთელმა. დანარჩენი მგზავრები უკვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხელისუფლების ცნობით, ბორანი სამხრეთ თურქეთის ქალაქ მერსინისკენ მიემართებოდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, ზღვაზე შტორმი იყო, როდესაც კატამარანი გადაბრუნდა.

კვიპროსი 1974 წლიდან გაყოფილია. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ცნობს 1983 წელს გამოცხადებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას. დე იურე მთელი კუნძული 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია, თუმცა ეს რეალურად ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ ნაწილში მდებარე ბერძნულენოვან კვიპროსის რესპუბლიკაზე ვრცელდება.