პუტინი თვლის, რომ ზელენსკის მუქარა რუსეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმია“

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ავიაკომპანიების გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ უკრაინული დრონები ფაქტობრივად ჩაკეტავდნენ რუსეთის საჰაერო სივრცეს, „სახელმწიფო ტერორიზმად“ ჟღერს და რომ მოსკოვი იპოვის პასუხის გაცემის გზას.

ყირგიზეთში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ „ტერორისტებთან“ მოლაპარაკება შეუძლებელია.

მან იქვე დასძინა, რომ რუსეთს არ სურს კონფლიქტის გაყინვა.

პუტინმა თქვა ასევე, რომ რუსეთის ჯარებმა აგვისტოში უკრაინის დონეცკის ოლქის 270 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს და უკრაინული ჯარების დიდი ჯგუფი ალყაში მოექცა.

Reuters-მა ვერ შეძლო მისი განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება.

რუსეთი აგრძელებს წინსვლას ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით, განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მოსკოვის ძალები ემზადებიან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმების მოსაწყობად.

ასევე ნახეთ

პუტინის ზოოლოგია: ომი, როგორც „კვებითი ჯაჭვი“

პუტინმა ხმებს იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში არმიის გაფართოების მიზნით მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს, უწოდა„სრული აბსურდი“ და რუსეთზე „ინფორმაციული თავდასხმის“ ნაწილი.

ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმართვაში 1 სექტემბერს, გააფრთხილა "...ყველა ავიაკომპანია, რომლებიც იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს, ყველა სადაზღვევო კომპანია, ყველა, ვინც იყენებს რუსეთის აეროპორტებს: რუსეთის ცა სრულად სახიფათო ხდება”.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: უკრაინული დრონების გამო რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენა სახიფათოა