ევროკავშირის გაფართოება - სად დგას საქართველო? რას ცვლის ისლანდიის „არა“?

ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებაზე უარყოფითი პასუხი ამომრჩეველთა 52%-მა თქვა.

მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების პროცესი ახალ მუხტს იძენს, საქართველოში ისლანდიის უარს განიხილავენ. 29 აგვისტოს რეფერენდუმის შედეგებზე "ქართული ოცნების" კამპანიამ აჩვენა, რომ ევროინტეგრაციის მაკრიტიკებლები უგულებელყოფენ ისლანდიის განსხვავებულ სტატუსსა და კონტექსტს.

„საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა 2022 წლის მარტში და კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა 2024 წელს. ევროკავშირი და საქართველო ასევე თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“, - ესაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სტატუსის სამწინადადებიანი აღწერა ევროპული საბჭოს საიტიდან. დეტალურ ინფორმაციაში კი არის ასეთი აბზაციც, რომელიც ევროპული საბჭოს ბოლო ჩანაწერია საქართველოს შესახებ:

„ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის ევროპულ სწრაფვას და ქვეყნის გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს მოქმედების ახლანდელი კურსი“.

2024 წლის 19 დეკემბრის შემდეგ ჩატარებული ექვსი სამიტის დასკვნებში საქართველო ნახსენები აღარ არის.

გაფართოება - ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილიზაციის ინსტრუმენტი

“ჩვენს კონტინენტზე რუხი ზონების დატოვება ყველას საფრთხეს გვიქმნის, ზრდის გაურკვევლობას და გვასუსტებს. ამიტომაც გაფართოება ჩვენი კავშირის მხოლოდ გაზრდას არ გულისხმობს. გაფართოება ჩვენს გაძლიერებას ნიშნავს“, - განაცხადა 25 აგვისტოს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, როცა ხორვატიის დედაქალაქში ევროკავშირის ელჩების, გენერალური კონსულების, კონსულებისა და სამხედრო ატაშეების კონფერენციას მიმართავდა.

ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის - ხორვატიის - ევროკავშირში წევრობის ცამეტწლიანი გზის შედეგების აღწერისას, ევროკომისარმა ერთ-ერთ წარმატებად დაასახელა ის, რომ 2019 წელთან შედარებით, ორჯერ შემცირდა იმ ხორვატების რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ და 50%-ზე მეტით გაიზარდა უკან დაბრუნებულების რაოდენობა.

ზაგრებში მარტა კოსის გამოსვლის მთავარი თემა იყო ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობა, კონტექსტი და პერსპექტივა.

კოსს მიაჩნია, რომ „გაფართოება კვლავ ასრულებს ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილიზატორის როლს“ და აცხადებს, რომ, „როგორც ჩანს, 2026 იქნება რეკორდული წელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესის მხრივ“.

ერთ-ერთ ასეთ რეკორდულ მაჩვენებლად მას მოჰყავს ფაქტი, რომ 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა გახსნა და დახურა კანდიდატებთან მოლაპარაკებების იმაზე მეტი თავი, ვიდრე რომელიმე წელს ბოლო 25 წლის განმავლობაში. საქართველო არ არის ამ პროცესის მონაწილე. ევროკომისარი ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის წარმატებას ასე აღწერს:

მონტენეგრომ უკვე დახურა მოლაპარაკების თავების ნახევარზე მეტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეუდგნენ მისი გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადებას.

ალბანეთმა ახლახან გადალახა კანონის უზენაესობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნული და შეუდგა თავების დახურვას.

უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორ წელიწადში მიაღწიეს მნიშვნელოვან ტექნიკურ პროგრესს, რომ შესაბამისობაში მოსულიყვნენ ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებთან. წევრი სახელმწიფოებისთვის კი დადგა დრო, ამ რეფორმებს მოლაპარაკებების დარჩენილი კლასტერების გახსნით უპასუხონ.

როცა ამ ოთხი ქვეყნის წინსვლაზე ლაპარაკობდა, მარტა კოსმა ევროინტეგრაციის კონტექსტში ახსენა ისლანდია და იმ დროისთვის ჯერაც მოსალოდნელი რეფერენდუმი. ევროკომისარმა ისლანდიაზე საუბრისას იმას გაუსვა ხაზი, რომ რეფერენდუმის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, ისლანდიას, რომელიც 30 წელზე მეტია ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილია, შეეძლო ერთ ან ორ წელიწადში დაესრულებინა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.

რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ 29 აგვისტოს ჩატარდა.

ისლანდიის რეფერენდუმი - „ეს საშინაო საქმეა“

“ისლანდიელებისთვის ეს ახალი ფენომენია”-ო განაცხადა ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტირმა, როცა 29 აგვისტოს რეფერენდუმის შემდეგ პრესკონფერენციაზე შეკრებილ საერთაშორისო მედიას გადახედა. მან აღნიშნა, რომ უჩვეულოა მისი ქვეყნის მიმართ მსოფლიო მედიის გამორჩეული ინტერესი ისეთი მოვლენის მიმართ, რომელიც რეალურად ისლანდიის საშინაო საქმეა:

“ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ ცვალებადმა, ტურბულენტურმა, გაურკვეველმა დრომ მიგვიყვანა რეალობამდე, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენთვის საშინაო საქმეა.”

ისლანდიის კოალიციური მთავრობის ლიდერი აცხადებს, რომ ამაყობს ჩატარებული რეფერენდუმით და მასზე ამომრჩევლის 80%-ზე მაღალი აქტივობით.

2026 წლის 29 აგვისტოს რეფერენდუმზე ამომრჩეველს უნდა ეპასუხა კითხვაზე - „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები?“

"არა" - თქვა რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლების 52,8%-მა.

რეფერენდუმის ოფიციალური საფუძველი გახდა ისლანდიის ახლანდელი მთავრობის 2024 წლის 21 დეკემბრის პლატფორმა, მრავალწლიანი დებატების შემდეგ ხალხის ნებით ეხელმძღვანელა - „შესაბამისად, მთავრობა არ განაახლებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს“, - წერია ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1 სექტემბრის განცხადებაში.

მოლაპარაკებები ისლანდიამ 13 წლის წინ თავად შეაჩერა, როცა მაშინდელმა მთავრობამ დაითხოვა მომლაპარაკებელთა გუნდი და ორ წელიწადში ფორმალურად განაცხადის გაუქმებაც მოითხოვა.

2009 წლის ივლისი - ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა;

2010 წელი - დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები;

2012 წლის ბოლო - ისლანდიას გახსნილი ჰქონდა მოლაპარაკებების 27 თავი;

2013 წლის აპრილი - ისლანდიაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები;

2013 წლის მაისი - ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და არ განეახლებინა პროცესი, სანამ რეფერენდუმი არ ჩატარდებოდა;

“ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფერენდუმს ჩავატარებდით, რომ შევასრულებდით ამ პირობას. წინამორბედ მთავრობებს ეს არ გაუკეთებიათ...მე არ განვიხილავ ამას უკუსვლად. მე ამ რეფერენდუმს განვიხილავ დემოკრატიის გამარჯვებად. ამაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის 80%-ზე მეტმა. ისლანდიელებმა აჩვენეს, რომ არიან ბრძენები...და ჩვენ პატივს ვცემთ შედეგებს”, - თქვა ისლანდიის პრემიერმა 2026 წლის 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

ისლანდიის მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის უკან გაწვევის საკითხს ის პარლამენტთან განიხილავს.

კრისტრუნ ფროსტადოტირმა ხაზი გაუსვა ისლანდიასა და ევროკავშირს შორის უკვე არსებულ მრავალწლიან და ღრმა ინტეგრაციას:

“...ვიცი, რომ იმათი უდიდესი ნაწილი, რომელმაც ამ რეფერენდუმზე „არა“ აირჩია, ასე მოიქცა იმიტომ, რომ ისინი ბედნიერები არიან ევროკავშირთან არსებული ურთიერთობით. ეს არის ჩვენ მიერ ნასწავლი გაკვეთილი. ჩვენ გავაგრძელებთ EEA ურთიერთობის განმტკიცებას, ლიხტენშტაინთან და ნორვეგიასთან, ისევე როგორც ევროკავშირთან“.

ევროპის თავისუფალი ეკონომიკური სივრცის (EEA) შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 1992 წლის მაისში და ამოქმედდა 1994 წლიდან. ხელმომწერები იყვნენ ევროკავშირი (იმ დროს „ევროპული თანამეგობრობა“) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნები: ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი და შვეიცარია. შეთანხმების საფუძველზე, ისლანდია სრულად არის ინტეგრირებული ევროპის ერთიან შიდა ბაზარზე, რაც გულისხმობს საქონლის, სერვისების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.

ისლანდიის პრემიერმა განმარტა ისიც, რომ ისლანდიისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების საკითხი არ ყოფილა და რომ დღეს არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ისლანდიელები თავს დაცულად გრძნობენ:

“ისინი დაცულად გრძნობენ თავს ნატოს პირობებში, აშშ-სთან კარგი ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმების პირობებში. ჩვენ გვაქვს ძლიერი კავშირები ევროკავშირთან EEA-ს შეთანხმების საფუძველზე, გვაქვს კარგი ორმხრივი კავშირები“.

ისლანდია ნატოს დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა სხვა თერთმეტ სახელმწიფოსთან ერთად, რომლებმაც 1949 წელს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

საქართველოში მმართველი პარტიის ლიდერებმა, მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ისლანდიის არას; "მემარცხენე ალიანსმა“ მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებაც მოითხოვა.

განცხადებები ისლანდიის რეფერენდუმის შესახებ

ევროინტეგრაციის მხარდამჭერებმა კი მიუთითეს, რომ ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი სრულიად განსხვავდება სხვა კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების კონტექსტისგან.

"კანდიდატმა ქვეყნებმა ჭეშმარიტად უნდა აირჩიონ ევროპა“

25 აგვისტოს კონცეპტუალურ მიმართვაში მარტა კოსს საქართველო არ უხსენებია, არამედ მოაქცია ის „სხვა კანდიდატ ქვეყნებს“ შორის. ასეთი კი მის მიერ ცალკე დასახელებულთა გარდა, ხუთია - მეტ-ნაკლები გამოწვევებით:

  • სერბეთი, რომელიც მოლაპარაკებების ეტაპზეა;
  • ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელიც ოფიციალურად მოლაპარაკებების ეტაპზეა, თუმცა პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია შიდაპოლიტიკური გამოწვევების გამო;
  • ჩრდილოეთი მაკედონია, რომელსაც ჯერ არ აქვს გახსნილი მოლაპარაკებების თავები;
  • საქართველო, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მდგრადი დინამიკით სცილდება ევროკავშირისკენ გზას;
  • თურქეთი, რომლის ევროკავშირთან მოლაპარაკებებიც 2018 წლიდან გაყინულია.


„სხვა კანდიდატი ქვეყნების“ საყურადღებოდ ევროკომისარმა კოსმა თქვა:

„მსურს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ დაწინაურებულებს და მათ შეუძლიათ, თუკი აჩვენებენ ისეთსავე მოწადინებას დაპირებების შესრულებასა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან ნდობის აშენებაში. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ნდობის აშენებას სჭირდება მეტი, ვიდრე ევროპული კანონმდებლობის მიღებაა...კანდიდატმა ქვეყნებმა ჭეშმარიტად უნდა აირჩიონ ევროპა - ჩვენი საერთო უსაფრთხოება, ჩვენი საერთო ღირებულებები“.

მზადება ევროკავშირის ოქტომბრის სამიტისთვის

15-16 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც წევრი ქვეყნების ლიდერები გამართავენ „სტრატეგიულ დისკუსიას“ გაფართოებასა და რეფორმებზე. ამის შესახებ ჩაიწერა 2026 წლის 18-19 ივნისის დასკვნით დოკუმენტში, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა უკრაინისთვის დახმარებას.

აგვისტოში ევროკომისია წარმოადგენს იდეებს - როგორ უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის თავად ევროკავშირი. კონსენსუსი ოთხ ელემენტზე უნდა შედგეს:

  1. ზეგავლენა, რასაც ახალი წევრების მიღება მოახდენს სახელმწიფოთა ერთობაზე;
  2. რეფორმები, რომლებიც გაფართოების შემდეგ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უფრო მოქნილს გახდის;
  3. თითოეულმა ახალმა წევრმა სახელმწიფომ ევროპა უნდა გააძლიეროს - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით;
  4. გაფართოება უნდა წარიმართოს ისე, რომ რეალობას უპასუხოს.

„ევროკავშირის წევრობისთვის მომზადებას დრო სჭირდება. თუმცა დრო არის ის, რასაც ჩვენი მეტოქეები კანდიდატ ქვეყნებს აღარ აძლევენ. ისინი აღარ ელოდებიან, როდის დაასრულებს კანდიდატი ქვეყანა გაწევრიანების ოცწლიან პროცესს, ისინი დებენ ინვესტიციას, ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას, ხელს უწყობენ კანდიდატი ქვეყნების მათზე დამოკიდებულების ზრდას. ისინი სარგებლობენ ბუნდოვანებით“, - აცხადებს მარტა კოსი და მიაჩნია, რომ კანდიდატ ქვეყნებს, დამსახურების შესაბამისად, ბლოკში გაწევრიანებამდე უნდა მიეცეთ ევროკავშირის სიკეთეებზე წვდომა.

ახალი პოლიტიკური სეზონისა და ოქტომბრის სამიტისთვის ემზადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც, რომელიც უკვე მეორე კვირაა ევროკავშირის დედაქალაქებში მოგზაურობს და წევრი ქვეყნების ლიდერებს ხვდება. უმთავრეს განსახილველ საკითხებს შორის ის ასახელებს თავდაცვას, კონკურენციასა და გაფართოებას.

კოშტა გამოყოფს კიდევ ერთ ამოცანას, რომელზეც მან ლიდერებთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს მიმდინარე წლის ბოლომდე - ეს არის ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბლოკის მწყობრად მუშაობისთვის. ამ გრძელვადიან საბიუჯეტო ციკლში ექცევა ევროკავშირის შემდგომი გაფართოებაც.