"უკრაინის საკითხის მოგვარების შანსი ჯერ ისევ არსებობს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს პასუხად კითხვაზე, რჩება თუ არა უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებების მინიმალური პერსპექტივა. პუტინის განცხადება აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა.
ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება რუსეთში, ქალაქ ვლადივოსტოკში. მისი მთავარი მიზანია უცხოური ინვესტიციების სტიმულირება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.
პუტინის სიტყვებით, რუსეთი "ყველას მადლიერია, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში თავისი წვლილის შეტანას ცდილობს". ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ "ერთმანეთთან პირველ რიგში რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ". რუსეთის პრეზიდენტს შესაძლო კონტაქტების კონკრეტული დეტალები არ მოუყვანია.
პუტინმა კვლავ „სახელმწიფოებრივი ტერორიზმი“ უწოდა უკრაინის გაფრთხილებებს რუსეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავებისთვის არსებულ საფრთხეზე.
მან ასევე განაცხადა მოსკოვსა და კიევს შორის უსაფრთხოების სამსახურების ხაზით შენარჩუნებული კონტაქტების შესახებ. „ჩემთვის ძნელია ახლა იმის თქმა, თუ რამდენად მიგვიყვანს ისინი [კონტაქტები] სამშვიდობო შეთანხმებისკენ, იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო დროს მოვისმინეთ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან. თუმცა კონტაქტები ნამდვილად არსებობს და ისინი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, უპირატესად სპეცსამსახურების ხაზით“, - თქვა პუტინმა.
ასევე ნახეთ
პუტინს ომის დასრულებას უკვე მოკავშირეებიც მოუწოდებენსამშაბათს, 1 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ცა დრონებით რეგულარული დარტყმების გამო „სრულიად სახიფათო“ ხდება და ავიაკომპანიებს ამის გათვალისწინებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია რუსეთის ცაზე დრონების არსებობის გათვალისწინება.
უკრაინა აცხადებს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს აწარმოოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთი რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას მოითხოვს დაჟინებით, რომელთაგან მთავარი დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანაა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეთანხმება პუტინის მიწვევას მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის და მას არ მიიჩნევს არც სერიოზულად და არც მისაღებად.
ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, „შეაჩერონ ეს სულელური ომი“. ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან შესახვედრად, მაგრამ ასეთ შეხვედრას მიზანშეწონილად მიიჩნევს მხოლოდ „ომის დასრულების" შემთხვევაში. „ჩემი სურვილია, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან, ყველასთან. ეს შესანიშნავი იქნებოდა ბიზნესისთვის“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ცოტა ხნის წინ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი „უახლოეს კვირებში“ განაგრძობს ძალისხმევას იმის გასაგებად, შესაძლებელია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება. რუბიოს თქმით, აშშ-ს ესმის, „რომ ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო წითელი ხაზები აქვს“ და ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა „ამ წითელი ხაზების დაახლოებისკენ“ იქნება მიმართული.
გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში, ტრამპსა და პუტინს შორის ანკორიჯში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, ბოლო - თებერვალში. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან შემდგომი შეხვედრები აღარ ჩატარებულა.