უიტკოფი და კუშნერი მოსკოვსა და კიევს სავარაუდოდ 5-6 სექტემბერს ეწვევიან

სტივ უიტკოფი (მარცხნივ) და ჯარედ კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5 და 6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან, ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" და Kyiv Independent-ი, ასევე უკრაინის რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებენ. ამერიკული დელეგაციის ვიზიტების ოფიციალური თარიღები ჯერ არ დადასტურებულა.

გონჩარენკოს სიტყვებით, წინასწარი გეგმით, წარმომადგენლები შაბათს მოსკოვში, ხოლო კვირას კიევში ჩავლენ. დეპუტატი ირწმუნება, რომ წინასწარი ვარაუდით, დელეგაცია უკრაინის დედაქალაქში თვითმფრინავით ჩაფრინდება და მარშრუტი რუსულ მხარესთან იყო შეთანხმებული.

Kyiv Independent-ის თანამოსაუბრის განცხადებით, გეგმები შეიძლება შეიცვალოს. გამოცემის წყაროების თანახმად, უიტკოფი ორჭოფობდა კიევში წასვლასთან დაკავშირებით, რუსული მხარის გაფრთხილების შემდეგ ამგვარი ვიზიტის ხიფათთან დაკავშირებით.

გონჩარენკომ განაცხადა, რომ 4 სექტემბერს რუსულმა დრონმა კიევის ჟულიანის აეროპორტში ორ მოძველებული Як-40-ის ტიპის თვითმფრინავს შეუტია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ დარტყმა განზრახ განხორციელდა, ამერიკული დელეგაციის პოტენციური ვიზიტისთვის მზადების ფონზე. კიევს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფი და კუშნერი შესაძლოა „უახლოეს დღეებში“ ჩავიდნენ. ზელენსკის თქმით, ვიზიტების სავარაუდო თარიღები არსებობს და ამერიკულმა მხარემ დაადასტურა როგორც მოსკოვში, ასევე კიევში შეხვედრების დღის წესრიგი.

უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა სექტემბერში განახლდეს.

3 სექტემბერს, ვლადივოსტოკში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ უპირველეს ყოვლისა რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ, შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს ამ პროცესის ხელშეწყობა შეეძლებათ. პუტინის თქმით, მოსკოვი აგრძელებს კონტაქტებს აშშ-ის ადმინისტრაციასთან და იმედოვნებს, რომ ვაშინგტონთან სრულფასოვან ურთიერთობებს აღადგენს.

ასევე ნახეთ

პუტინი: "უკრაინის საკითხის მოგვარების შანსი ჯერ ისევ არსებობს"

პუტინი ასევე ირწმუნება, რომ მოსკოვსა და კიევს შორის უსაფრთხოების სამსახურების ხაზით კონტაქტები შენარჩუნებულია. მან ასევე თქვა, რომ მისთვის „ძნელია ახლა იმის თქმა, თუ რამდენად მიგვიყვანს ისინი [კონტაქტები] სამშვიდობო შეთანხმებისკენ".

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად დიდწილად შეჩერებულია ირანში მიმდინარე ომის ფონზე, რომლის დასრულებაზეც უიტკოფი და კუშნერიც მუშაობენ.