რუსეთში "ნოვაია გაზეტა" დაუმატეს "უცხოეთის აგენტების" რეესტრს

"ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი რედაქციის შენობასთან

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 4 სექტემბერს მორიგ ჯერზე შეავსო ე.წ. უცხოეთის აგენტების სია. რეესტრს დაუმატეს პოეტი და პუბლიცისტი სერგეი ლეიბგარდი, მწერალი ფელიქს სანდალოვი და ამერიკული უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკის პროფესორი ტატიანა ტატარინოვა.

იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა ორი გამოცემაც: "ნოვაია გაზეტა" და ჟურნალი "ისტორიჩესკაია ექსპერტიზა".

როგორც მედიასაშუალება "ოსტოროჟნო. ნოვოსტი" იუწყება, "ნოვაია გაზეტასთან" დაკავშირებული პირების სიას დაემატა 100-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვი, უფლებადამცველი ზოია სვეტოვა და პოლიტიკოსი ლევ შლოსბერგი, რომელსაც 11 წლით აქვს მისჯილი კოლონიაში პატიმრობა.

"ნოვაია გაზეტას" პრესმდივანი ნადეჟდა პურუსენკოვა აცხადებს, რომ გამოცემა მუშაობას გააგრძელებს და "უცხოეთის აგენტის" სტატუსს სასამართლოში გაასაჩივრებს.

რუსეთში 2012 წელს შემოღებულმა კანონმა "უცხოეთის აგენტების" შესახებ იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა, ასეთებად გამოეცხადებინა არაკომერციული ორგანიზაციები, თუ ისინი, რუსეთის ხელისუფლების აზრით, უცხოეთიდან იღებდნენ დაფინანსებას და პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებდნენ.

შემდგომში გაჩნდა შესაძლებლობა, "უცხოეთის აგენტებად" გამოეცხადებინათ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირებიც - მათ შორის ისინი, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებს, მაგრამ არის "უცხოეთის გავლენის ქვეშ". კონკრეტულად რა შეიძლება განისაზღვროს უცხოეთის გავლენად, ამას რუსეთის კანონმდებლობა არ აზუსტებს. როგორც წესი, რეესტრში შეჰყავთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მოწინააღმდეგე პირები.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სია ამჟამად მოიცავს 1,2 ათასზე მეტ პირსა და ორგანიზაციას. როგორც წესი, სამინისტრო ამ რეესტრს პარასკევობით აახლებს. რეესტრში ყოფნა ნიშნავს უფლებების მნიშვნელოვან შეზღუდვას. უფლებადამცველები "უცხოეთის აგენტების" კანონს რეპრესიულად მიიჩნევენ. რუსეთში რეგულარულად აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად ედებათ "უცხოეთის აგენტის" ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ასევე ნახეთ

დიქტატურის გაკვეთილები: რუსეთი, საქართველო და „აგენტების“ ფანტომები