სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვაშინგტონში ვიზიტისას თან წაიყვანს ბიზნესმენებისგან შემდგარ დიდ დელეგაციას.
ბოლო წლებში სი ძინპინი უცხოეთში იშვიათად მოგზაურობს კორპორაციების აღმასრულებელ პირებთან ერთად. ბიზნესმენებსა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობა გაიზარდა მას მერე, რაც პეკინმა 2020 წელს აამუშავა სარეგულაციო შემოწმებები ტექნოლოგიის, განათლებისა და საკუთრების სფეროებში.
Reuters-ის თქმით, 24 სექტემბერს დანიშნული სამიტისთვის ბიზნეს-დელეგაციის მომზადების შესახებ ამ დრომდე ცნობები არ გავრცელებულა. სააგენტომ ჯერჯერობით ვერ დაადგინა კონკრეტულად რომელი ბიზნესების წარმომადგენლები იქნებიან დელეგაციის შემადგენლობაში.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ანალიზით, ეს ნაბიჯი ნაწილობრივ მიზნად ისახავს ჩინეთის მზაობის გამოხატვას აშშ-ში ინვესტიციებისა და კომერციული კავშირების მხარდასაჭერად, და თეთრი სახლისთვის პოტენციური ეკონომიკური სარგებლის შეთავაზებას შუალედური არჩევნების წინ.
ბოლო წლებში ჩინეთის კომპანიები აშშ-ში ინვესტიციებისა და ბიზნეს-ოპერაციების სფეროებში მზარდ შემოწმებას ექვემდებარებოდნენ.
ვაშინგტონმა 100 პროცენტის ოდენობის ტარიფები დააწესა ჩინეთის ელექტრონული მანქანების იმპორტზე, აკრძალა უცხოეთიდან დრონების, როუტერების და რობიტების იმპორტი და განახორციელა აშშ-ში TikTok-ის მუშაობის დივესტიცია. ამასთან, აშშ-მა ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური ფირმები შეიყვანა იმ ორგანიზაციების სიაში, რომლებიც ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხედ მიიჩნევიან.
2015 წელს სი ძინპინმა აშშ-ში მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტინგენტი ჩაიყვანა - მათ შორის Alibaba-ს დამფუძნებელი, ჯეკ მა, Tencent-ის დამფუძნებელი, პონი მა და ჩინეთის ბანკებისა და სახელმწიფო ფირმების აღმასრულებელი დირექტორები.
იმ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთმა 38 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა Boeing-ის ტიპის 300 ხომალდზე. სი ძინპინი მაშინ შეხვდა აშშ-ის ტექნოლოგიის სფეროს აღმასრულებელ პირებს - მათ შორის Apple-ის ტიმ კუკს, Meta-ის მარკ ზაკერბერგს და Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს.
ჩინეთში ამერიკელი აღმასრულებელი პირების დელეგაციით ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც - 2017 წელს და მიმდინარე წლის მაისში. ამერიკელი ბიზნესმენები ჩინეთის ბაზრებთან წვდომის გაფართოებით არიან დაინტერესებულნი, წერს სააგენტო Reuters-ი.