მარინ ლე პენმა დაადასტურა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს

მარინ ლე პენი. პარიზი, 26 აგვისტო, 2024.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის გეგმები, რომლებიც ტელეკომპანია BFMTV-ის ეთერში გააჟღერა პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ლუი ალიომ.

„ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, მთელი ეკონომიკა - ყველაფერი გამოფიტვის პირასაა, ფულს კი მაინც პოულობენ, რათა იარაღის დაფინანსება გააგრძელონ (...) მაგრამ ვინ იხდის ამ ყველაფრის საფასურს?“ - განაცხადა ალიომ პასუხად შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში უკრაინის დახმარების „ონკანის გადაკეტვა“.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „Horizons“-იდან, ედუარ ფილიპმა გააკრიტიკა ეს იდეა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ონკანის გადაკეტვა“ რუსეთის სამსახურში ჩადგომას ნიშნავს.

ლე პენმა აღნიშნა, რომ ფილიპის „საერთაშორისო მიღწევების სია“ „ისეთივე უბადრუკია, როგორც მისი შედეგები ეკონომიკისა და ბიუჯეტის სფეროებში“ და თქვა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან მოვუწოდებ საფრანგეთს, სასწრაფოდ მოიწვიოს დიდი სამშვიდობო კონფერენცია, რათა ხელი შევუწყოთ არა სისხლისღვრის გაგრძელებას, არამედ დიპლომატიურ მოგვარებას ამ საშინელი ომისა, რომელმაც, შეგახსენებთ, უკვე ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 2027 წლის აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში. გამოკითხვებში მარინ ლე პენი ლიდერობს. მათი მონაცემებით, პირველ ტურში მას ამომრჩეველთა 34-დან 35,5%-მდე დაუჭერდა მხარს, სხვადასხვა სცენარის მიხედვით.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: საფრანგეთი გააძლიერებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას