ევროკავშირის სანქციები დაუწესდება ჩრდილოეთ კორეის საზაფხულო ბანაკს, სადაც რუსეთი აგზავნის მოტაცებულ უკრაინელ ბავშვებს

სასადილო დარბაზი სონდოვონის ბავშვთა ბანაკში. ფოტო 2014 წლით თარიღდება და გადაღებულია ჩრდილოეთ კორეის ტურისტული კომპანიის, Uri Tours-ის მიერ.

რუსეთი უკრაინიდან მოტაცებულ ბავშვებს აგზავნის ჩრდილოეთ კორეაში მოქმედ საზაფხულო ბანაკში - ამ ინფორმაციას მოიცავს ევროკავშირის დოკუმენტი, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო და რომელშიც დაგეგმილი ახალი სანქციებია ფორმულირებული.

დოკუმენტში ჩამოთვლილია პირები და უწყებები, რომლებიც შევლენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ ნუსხაში. ახალი სანქციები მომავალ კვირაში უნდა დამტკიცდეს.

დოკუმენტის თანახმად, სანქციები უნდა შეეხოს მაღალჩინოსნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში. თუმცა სიაში, შესაძლოა, ყველაზე საგულისხმო უწყებაა სონდოვონის ბავშვთა საერთაშორისო ბანაკი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამუშავებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ბანაკი "მონაწილეობს ორგანიზებულ პროგრამებში, რომლებიც მოიცავს უკრაინელი ბავშვების გადაყვანას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეაში".

ბავშვების გადაყვანას კოორდინაციას უწევენ რუსეთის ოფიციალური პირები. ეს პროცესი "კულტურული გაცვლის" სახელით ხდება, თუმცა ევროკავშირის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის ასრულებს "უფრო ფართო პროპაგანდისტულ ფუნქციას: უკრაინელ ბავშვებს აცნობენ ... პრორუსულ ნარატივებს".

დოკუმენტში სხვა ფორმულირებით ასევე წერია, რომ ბანაკი "პირდაპირ მონაწილეობს უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაყვანაში, იდეოლოგიურ ინდოქტრინაციაში და მილიტარიზაციაში, რუსეთის ფედერაციასთან კოორდინაციით".

ბანაკი განთავსებულია ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ კორეასთან საზღვრიდან დაახლოებით 95 კილომეტრის მოშორებით.

ჩრდილოეთ კორეის კომპანია Uri Tours-ი, რომელიც ამ ბანაკის პოპულარიზაციაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ის ქვეყანაში უდიდესია და გაიხსნა 1960 წელს, "საერთაშორისო მეგობრობის ხელშეწყობისთვის".

ბანაკს მაისში სანქციები დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა, რუსეთის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენისთვის "უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში და მათ ხელახალ აღზრდაში". ფხენიანმა ამას უპასუხა ლონდონიდან ელჩის გაწვევით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელზე, უკრაინელი ბავშვების "უკანონო დეპორტაციისთვის".

უკრაინელი ბავშვების მოტაცებაში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა ამ ქვეყნის როლს კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომში.

2024 წელს - როცა უკრაინის ძალები კურსკის რეგიონში შევიდნენ - ფხენიანმა 12 000-მდე სამხედრო გაგზავნა რუსეთის ძალების შემადგენლობაში ბრძოლისთვის. სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ბრძოლას ემსხვერპლა ჩრდილოეთ კორეის 2000-მდე სამხედრო.

ასევე ნახეთ

მოსკოვს საქართველოსთან, ჩრდ. კორეასა და სხვა მეზობლებთან თანამშრომლობის განვითარება სურს