რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ქვეყნების დამაკავშირებელი პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს

ფოტო არქივიდან: საავტომობილო ხიდის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია. 2025 წლის 30 აპრილი

რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს. ცერემონიაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მეთაური პაკ ტე-სონგი.

დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძის, ორზოლიანი ხიდი სასაზღვრო მდინარე ტუმანნაიაზეა გადებული. აქამდე რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა სახმელეთო გზით სარკინიგზო ხიდით, "მეგობრობით", უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

საავტომობილო ხიდის მშენებლობა 2025 წლის 30 აპრილს დაიწყო. ხელშეკრულებას მის მშენებლობაზე ხელი მოეწერა 2024 წლის ივნისში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩრდილეთ კორეაში ვიზიტის დროს.

ხიდს წითელი არმიის ოფიცრის, იაკოვ ნოვიჩენკოს სახელი ეწოდა. 1946 წელს ფხენიანში გამართული მიტინგის დროს იგი ჩრდილოეთ კორეის მაშინდელი ლიდერის, კიმ ირ სენისკენ ნასროლ ხელყუმბარას გადაეფარა. ნოვიჩენკო გადარჩა და მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის შრომის გმირის წოდება მიენიჭა.