3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც ნავალნის ფონდში 100 რუბლი გადარიცხა

საილუსტრაციო ფოტო: სასამართლო სხდომათა დარბაზი

მოსკოვის გოლოვინის რაიონულმა სასამართლომ სუპერმარკეტების ქსელის, „პიატეროჩკას“ (Пятёрочка) თანამშრომელს, 46 წლის ელენა ალბეგოვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდისთვის 100 რუბლის (დაახლოებით 1,15 აშშ დოლარი) შეწირვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება Mediazona.

გამოცემა წერს, რომ ქალი „ექსტრემისტული“ საქმიანობის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ.

ალბეგოვა ივნისის დასაწყისში დააკავეს, ქალმა სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო, მან განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის შესახებ 2015 წელს შეიტყო, 2018 წლიდან კი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიებებით დაინტერესდა.

გამოცემა Mediazona-ს თანახმად, ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა, როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდისთვის თანხის შეწირვის გამო ადამიანს აპატიმრებენ.

2021 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ ფონდის თანამშრომლებისა და დონორების დევნა დაიწყო.

Mediazona-ს ცნობით, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, რუსეთში შეწირულობებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის, სულ მცირე, 225 საქმე იყო აღძრული. გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დევნა უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2024 წლის თებერვალში არქტიკის კოლონიაში გარდაიცვალა, სადაც 19-წლიან სასჯელს იხდიდა. მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ის ციხეში მოწამლეს.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის დღიდან თითქმის ორი წლის თავზე, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდისა და გერმანიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის - სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნივთიერება ეპიბატიდინი.

ასევე ნახეთ

რით მოწამლეს ალექსეი ნავალნი?