რუსლან კრავჩენკომ უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
კრავჩენკოს თანახმად, ეს „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.
„მე ეს [გადაწყვეტილება] გააზრებულად მივიღე. არ მინდა, გენერალური პროკურორის თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენონ. ჩემი პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება“, – წერს კრავჩენკო Telegram-ზე.
მანამდე რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ არ აპირებდა თავისი სურვილით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დაეწერა განცხადება, თუმცა თანამდებობას არ ებღაუჭებოდა და მზად იყო გადამდგარიყო, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ან უმაღლესი რადა მიიღებდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კრავჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „კართაგენის“ საქმეში კვლავ აქვს პროცესუალური სტატუსი, ხოლო მის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს. მისი თქმით, საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებიც „პოლიტიკური ზეწოლის“ ნაწილია.
„ვიღაცას სურს, რომ აქედან მომაშოროს. ბევრისთვის მე უხერხული ადამიანი ვარ“, - განაცხადა კრავჩენკომ, როგორც ამას სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ ციტირებს.
ერთი დღით ადრე, რუსლან კრავჩენკომ, ანტიკორუფციული უწყებების მიერ თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოვლენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების კომენტირებისას, განაცხადა, რომ მას „არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო ქოლცენტრების საქმიანობის მფარველობასთან“, არ გაუცია მითითებები მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის და ამ მიზნით გენერალური პროკურორის უფლებამოსილება არ გამოუყენებია.
მანამდე გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“, პოლიტიკურ წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) ოპერაციის, „კართაგენის“ დაწყების დღიდან ვერ პოულობდნენ.
ამასთან, ZN.UA-ს წყაროების ცნობით, გენერალური პროკურორი კიევში, კერძო კლინიკაში იმყოფებოდა. გენერალური პროკურატურის ოფისმა ეს ინფორმაცია უარყო. გენერალური პროკურორის პრესსპიკერმა ნატალია ბაიურკომ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ კრავჩენკო სამუშაო ადგილზე იყო.
გენერალური პროკურორის ოფისში თქვეს, რომ სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მასალებში „არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება“ იმისა, რომ კრავჩენკო ვინმეს აძლევდა „მითითებებს ქოლცენტრების საქმიანობის ხელშეწყობისთვის, ხელს უშლიდა მათ გამოვლენას ან გამოძიებას, იღებდა ამ საქმიანობიდან ქრთამს ან უკანონო სარგებელს, ან ამ საქმიანობას აღნიშნული სახსრებიდან აფინანსებდა“.