ზელენსკი ტრამპთან შეხვედრას დაახლოებით 20 სექტემბრიდან მოელის

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას 20 სექტემბრიდან ელოდება. შეხვედრაზე ზელენსკი, მათ შორის, უკრაინისთვის ანტიბალისტიკური თავდაცვის საკითხზე საუბარს აპირებს.

"ამერიკელებისგან ჩვენ ბალისტიკური პაკეტები გვჭირდება. მათ დეტალურად მოისმინეს, რა და როდის გვჭირდება. მე 20-ის რიცხვებში მოველი პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას, სადაც ამ საკითხს წამოვწევ და ღმერთმა ქნას, შედეგები იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ნათქვამია ზელენკის პრესსამსახურის მიერ 8 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩემი აზრით, ჩვენ ასევე მივიწევთ სამმხრივი ფორმატისკენ. აქ ყველა დეტალის გამხელა არ შემიძლია. ჩვენ ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ამას ერთმანეთთან მოვამზადებთ და შემდეგ გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინა შეხვედრა 28 ივლისს თეთრ სახლში გაიმართა.

6 სექტემბერს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები კიევში იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორი ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის დელეგაციასთან და მრავალმხრივი მოლაპარაკებების ერთი რაუნდი დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან.

ასევე ნახეთ

თვითმფრინავით მოსკოვში, მატარებლით და პირველად კიევში - რას მიაღწიეს ტრამპის წარმომადგენლებმა?

ზელენსკის თქმით, კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა, შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან სამშვიდობო დიალოგის გასაგრძელებლად და შემდეგი ნაბიჯების განსახილველად. შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.

ასევე ნახეთ

ზელენსკი აშშ-ის წარმომდგენლებთან შეხვედრის მერე „შემდგომ ნაბიჯებს“ გეგმავს

კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, განაცხადა, რომ ზამთრამდე ომის დასრულება გარანტირებული არ არის, მაგრამ აშშ ამისთვის პირობების შექმნაზე მუშაობს.

მანამდე, 5 სექტემბერს, ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებოდნენ. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, კრემლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ არის მზად უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი კომპრომისისთვის.