რუსეთის სამხედრო ძალებმა 9 სექტემბრის ღამეს უკრაინის ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო საავტომობილო გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ თავდასხმისთვის დამრტყმელი დრონები გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს.
„დრონები გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა, რის შედეგადაც ხანძრები გაჩნდა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები იმ მშვიდობიან მოსახლეობას შორის, რომლებიც გამშვები პუნქტის მიმდებარედ იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უწყებას არ დაუკონკრეტებია.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
მისივე თქმით, მაშველებმა კიდევ 16 ადამიანი ავტობუსებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ამ მონაკვეთზე მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საზღვრის გადაკვეთის პროცესი დროებით შეჩერებულია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია მოლდოვის მხარეც.
რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინის ყველა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით - დრონებით, რაკეტებით, მძიმე საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ მიზანმიმართულ ხასიათს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების მიზანმიმართული დაბომბვა, რათა მოსახლეობას არ მიეწოდოს ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, კომუნიკაციები, სამედიცინო მომსახურება და სხვა აუცილებელი სერვისები, გენოციდის აქტებს წარმოადგენს.