9 სექტემბერს, ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმა იყო საზღვაო პორტში მდებარე მაზუთის ტერმინალზე, რასაც ხანძარი მოჰყვა.
დარტყმა სამოქალაქო ობიექტზეც განხორციელდა. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, დაზიანდა სამი კერძო სახლი და ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე მართლმადიდებლური ეკლესია და საბავშვო ბაღი. ხანძარი ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.
არსებული ცნობით, დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა. დაშავდა 29 ადამიანი, რომელთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, ორენბურგის, როსტოვის, სამარის, ტულისა და ულიანოვსკის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმსა და შავი ზღვის თავზე 596 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.