გენერლის დაკრძალვა. მლადიჩთან გამომშვიდობების შესახებ

რატკო მლადიჩის დაკრძალვა. ბელგრადი. 7 სექტემბერი.

სამხედრო დამნაშავე რატკო მლადიჩი ათასობით ადამიანის თანდასწრებით, სახელმწიფო პატივის ნიშნებით დაკრძალეს. სრებრენიცის გენოციდისა და სარაევოს ალყის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირის გმირად წარმოჩენამ კვლავ მწვავედ დააყენა სერბეთის ევროპული მომავლისა და წარსულთან შერიგების საკითხი.

სამხედრო დამნაშავე რატკო მლადიჩს უვადო პატიმრობა მიესაჯა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში გენოციდის პირველი შემთხვევის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის. მიუხედავად ამისა, 7 სექტემბერს ბელგრადში გამართული მისი დაკრძალვა ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ შეკრებად იქცა იუგოსლავიის დაშლის შემდგომ სერბეთში.

პანაშვიდი აღავლინა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ, რომლის თქმითაც, მლადიჩის სახელი ღრმად დარჩება „სერბი მართლმადიდებელი ხალხის“ დიდი ნაწილის მეხსიერებასა და ლოცვებში. სერბეთის დროშით დაფარულ კუბოს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები - სერბეთის არმიის ჯარისკაცები მიაცილებდნენ, თუმცა მლადიჩს სერბეთის არმიაში არასოდეს უმსახურია. ბოსნიის ომის დროს მლადიჩი მეთაურობდა ბოსნიელი სერბების შეიარაღებულ ძალებს, რომელიც 1992 წელს ბანია-ლუკაში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ შეიქმნა. რეფერენდუმის ჩატარებას ბოსნიელი მუსლიმები და ხორვატები უჭერდნენ მხარს, ბოსნიელი სერბების უმრავლესობამ კი ბოიკოტი გამოაცხადა.

მლადიჩის დაკრძალვას სერბეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - თითქმის ყველა, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გარდა. იმ დროს, როდესაც სერბეთი დგამდა ნაბიჯს, რომელიც, სავარაუდოდ, სერიოზულად გააუარესებს ურთიერთობებს როგორც მთელ რეგიონთან, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის პარტნიორებთან, ვუჩიჩი ხვდებოდა უზბეკეთის პრეზიდენტს, რომელიც ბელგრადს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა. ვუჩიჩი ამტკიცებდა, რომ სერბეთი მხოლოდ „მლადიჩის ოჯახის ნებას ასრულებდა“.

ოჯახს უფლება აქვს, გლოვობდეს თავის ახლობელს, თუნდაც ის სამხედრო დამნაშავე იყოს - არცერთმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ ეს არ უნდა აკრძალოს. თუმცა უზარმაზარი განსხვავებაა ოჯახისათვის ახლობლის დატირების შესაძლებლობის მიცემასა და სახელმწიფო პატივის მიგების ილუზიის შექმნას შორის. სერბეთის მიერ მსჯავრდადებული სამხედრო დამნაშავის დაკრძალვა და საჯაროდ განდიდება მხოლოდ ქვეყნის თავის სამხედრო წარსულთან ხანგრძლივი ბრძოლის მორიგი ეპიზოდი არ არის. ეს დარტყმაა საერთაშორისო მართლმსაჯულების პრინციპებსა და იმ იდეაზე, თუ რას უნდა იცავდეს XXI საუკუნის ევროპული საზოგადოება.

სრებრენიცის გენოციდის ფაქტი, რომლის დროსაც 1995 წელს თითქმის 8 000 ბოსნიელი მამაკაცი და ბიჭი იქნა მოკლული, მრავალწლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ დაადასტურა ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ. მლადიჩი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებდა. თუმცა არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები. მაგალითად, არსებობს 1995 წლის 11 ივლისის ჩანაწერი, რომლის ნახვაც YouTube-ზეა შესაძლებელი. მასზე ჩანს, როგორ შედის მლადიჩი ჯარისკაცებთან ერთად აღმოსავლეთ ბოსნიის ამ პატარა ქალაქში. არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები, უამრავი დოკუმენტი და სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები. და მაინც, ათწლეულების შემდეგ, მიუხედავად გამოტანილი განაჩენისა, ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების განდიდება ქმნის საფრთხეს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები პირადი შეხედულებების საკითხად იქცეს. შემზარავია 7 სექტემბერს გამართული სახელმწიფო დაკრძალვის გზავნილი. მხოლოდ ნაციონალისტური პროპაგანდის წარმოუდგენელ ძალას შეუძლია მასობრივ მკვლელობებზე პასუხისმგებელი ადამიანი ეროვნული ღირსების სიმბოლოდ აქციოს.

სრებრენიცის გენოციდის გარდა, ჰააგის ტრიბუნალმა მლადიჩი ასევე დამნაშავედ ცნო სარაევოს ალყის დროს ჩადენილ დანაშაულებშიც. ალყა თითქმის 44 თვეს გაგრძელდა და თანამედროვე ისტორიაში ქალაქის ყველაზე ხანგრძლივ ალყად მიიჩნევა. სარაევო მთებითაა გარშემორტყმული და ქალაქისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა, რომელიც ბორცვებიდან ეშვება, ცნობილი გახდა „სნაიპერების ხეივნის“ სახელით. მლადიჩმა იქ განალაგა მსროლელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას უხსნიდნენ ცეცხლს. სარაევოს ალყის დროს დაახლოებით 11 ათასი ადამიანი, მათ შორის 1 600-ზე მეტი ბავშვი, დაიღუპა. მლადიჩი ასევე დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, არასერბი მოსახლეობის დევნაში, მკვლელობებში, დეპორტაციაში, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებაში, ომის კანონებისა და წესების დარღვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველ თავდასხმებში, გაეროს სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეების მძევლებად აყვანაში.

ასევე ნახეთ

30 წელი სრებრენიცაში მომხდარი გენოციდიდან

საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ეფუძნება საზოგადოებების მიერ იმის აღიარებას, რომ არსებობს ისეთი ქმედებები, რომელთა გამართლება შეუძლებელია არანაირი დროშით, ეროვნული კუთვნილებითა თუ პოლიტიკური მიზნებით. როდესაც სერბეთმა გადაწყვიტა, საჯაროდ პატივი მიეგო მსჯავრდადებული სამხედრო დამნაშავისთვის, მან სახიფათო პრეცედენტი შექმნა. სერბეთის, მისი მეზობლებისა და ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია მკაფიო ზღვრის გავლება ადამიანის დატირებასა და იმისათვის პატივის მიგებას შორის, რასაც ეს ადამიანი განასახიერებდა. ეს არ გაკეთებულა.

სერბეთის გადაწყვეტილებას, დაეკრძალათ მლადიჩი პატივით, შესაძლოა შედეგები მოჰყვეს ქვეყნის საზღვრებს მიღმაც. ეს გადაწყვეტილება სახიფათო სიგნალს აგზავნის: ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი სისასტიკე შეიძლება ნაციონალიზმით გამართლდეს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული ადამიანი გმირის სახით დაბრუნდეს ისტორიულ ნარატივში. საქმე ეხება სერბეთის ოფიციალურ პოლიტიკასაც, რომელმაც თავის დროზე იკისრა ვალდებულება, არ დაეცვა სამხედრო დამნაშავეები, როდესაც ისინი, მათ შორის მლადიჩი, იმავე ტრიბუნალს გადასცა. აუცილებელია სერბეთი საკუთარ თავთან გულწრფელი იყოს.

სერბული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საჯარო შეკრებების არქივის“, მონაცემებით, მლადიჩის დაკრძალვას დაახლოებით 16 ათასი ადამიანი ესწრებოდა. სერბეთსა და სერბთა რესპუბლიკაში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ღიად გამოდიოდნენ ნაციონალიზმის წინააღმდეგ, აღიარებდნენ მათი სახელით ჩადენილ დანაშაულებს და ამის გამო მძიმე ფასი გადაიხადეს. ერთ-ერთი მათგანი იყო სრდიან ალექსიჩი, სამხედრო მოსამსახურე სერბთა რესპუბლიკის არმიისა, რომელსაც მლადიჩი მეთაურობდა. ალექსიჩი მოკლეს 1993 წელს ტრებინეში იმის გამო, რომ ცდილობდა დაეცვა ალენ გლავოვიჩი, რომელსაც სერბი სამხედრო მოსამსახურეები სცემდნენ ბოსნიის ამ ქალაქში მუსლიმთა დევნის დროს.

ასევე ნახეთ

ვინ არის გენერალი მლადიჩი?

სერბეთში ცხოვრობს მილიონობით ადამიანი, რომლებსაც სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ. მაგრამ მათ აქვთ მორალური და ადამიანური ვალდებულება, დაგმონ ის დანაშაულები, რომლებსაც მლადიჩის მსგავსი გენერლები მათი სახელით სჩადიოდნენ. სწორედ ეს არის განსხვავება დანაშაულსა და პასუხისმგებლობას შორის. აქ მორალური რელატივიზმის ადგილი არ უნდა იყოს. არც „ორივე მხარის“ არგუმენტს უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელიც საშუალებას იძლევა, გენოციდი, მკვლელობები და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ განხორციელებული ტერორი როგორღაც ომის ბურუსში გაიფანტოს. სწორედ ამიტომ იქცა მლადიჩის დაკრძალვა ასეთ მძიმე ჩავარდნად.

ბელგრადში მომხდარის დაკვირვებისას, სირცხვილის ღრმა განცდა დამეუფლა. შეუძლებელია არსებობდეს სამართლიანი ევროპული მომავალი, ნამდვილი შერიგება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და 1990-იანი წლების შედეგების მორალური გააზრება, თუ სერბეთი გააგრძელებს სამხედრო დანაშაულების ეროვნულ სიამაყედ აღქმას. მლადიჩი დაკრძალეს. მაგრამ დამარხვა იმის შესახებ სიმართლისა, რაც მან ჩაიდინა, შეუძლებელია.

იოვანა გეორგიევსკი - ბელგრადში მოღვაწე დამოუკიდებელი სერბი ჟურნალისტი, თანამშრომლობს RF/ERL ბალკანეთის სამსახურთან, ყოველკვირეულ გამოცემა Vreme-სთან და პრიშტინაში დაფუძნებულ პორტალ Kosovo 2.0-თან.

ასევე ნახეთ

როგორი იყო ტრიბუნალი სრებრენიცის გამო და როგორი იქნება უკრაინაზე - ინტერვიუ იუგოსლავიის შესახებ ტრიბუნალის მონაწილესთან

ასევე ნახეთ

დამსმენები, ჯაშუშები, თანამშრომლები - გიყვებით იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის არქივებზე