განგაში და აფეთქება
სოჭის მერის, ანდრეი პროშუტინის ტელეგრამ-არხზე 9 სექტემბერს, ღამის ათი საათისთვის გამოქვეყნდა პირველი ცნობა, რომ გამოცხადებულია უეკიპაჟო კატერებით შეტევის საფრთხე და ქალაქის დასაცავად შესაბამისი ძალები და საშუალებები მუშაობენ. პროშუტინმა ხალხს უსაფრთხო ადგილებში გადასვლისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, სირენების ჩართვის შემდეგ სანაპიროზე პირველი აფეთქება მოხდა.
შედეგები
შუაღამის შემდეგ სოჭის მერის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უეკიპაჟო კატერებით შეტევის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა სანაპირო „პრიმორსკაიას“ პლაჟის ინფრასტრუქტურა, მიმდებარე მონაკვეთი და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა დააზუსტა, რომ დაშავებულია 8 ადამიანი.
- სანაპირო „პრიმორსკაია“ სოჭის ცენტრში მდებარეობს და დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაავრცელეს ადგილზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს აფეთქება, ის, თუ როგორ ტოვებს ხალხი სანაპიროს და ისმის სავარაუდოდ, უეკიპაჟო კატერების მოსაგერიებლად დაწყებული სროლის ხმა.
არაერთი რუსული მედიასაშუალების ინფორმაციით, ქალაქში პანიკა იყო. შეწყდა რუსი მომღერლის, ტატიანა ბულანოვას კონცერტი.
მონიტორინგის უკრაინული არხების ცნობით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ისევ სოჭის პორტი იყო. უკრაინას შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
სოჭის სანაპიროზე აფეთქების ამსახველი კადრი გაავრცელა უკრაინულმა არხმა Supernova+მაც.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოჭის რაიონზე შეტევა მიიტანეს სექტემბრის დასაწყისშიც.
კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა.