იემენელი ჰუთები ბაბ-ელ-მანდების სრუტეს უახლოვდებიან - სავაჭრო ნაოსნობას ახალი საფრთხე ემუქრება

საილუსტრაციო ფოტო: ჰუთებმა ისრაელზე მესამე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ირანზე აშშ-ის დარტყმების პარალელურად. 1 აპრილი, 2026 წელი

იემენში მოქმედმა ჰუთების მეამბოხეთა დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა ისტორიულ ქალაქ მოხაზე, განაცხადა ოთხმა სამთავრობო-სამხედრო წყარომ. ეს არის სტრატეგიული გარდატეხა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო-სავაჭრო გზას.

ირანის მოკავშირე და მისი მხარდაჭერით მოქმედ ჰუთებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები ბოლო დღეებში ინტენსიური გახდა.

იემენის მთავრობას ზურგს უმაგრებს საუდის არაბეთი. ამასთან, მეამბოხე ჯგუფი ცდილობს კონტროლის დამყარებას იემენის სანაპირო ზოლზე - არა მხოლოდ ჩრდილოეთზე. Reuters-ის თანახმად, ეს მათთვის უკეთესი პოზიციაა საზღვაო ვაჭრობის შეფერხების თვალსაზრისით.


საბრძოლო მოქმედების, ფონზე, ჰუთების სპიკერმა, მუჰამედ აბდულსალამმა განაცხადა, რომ ნაოსნობა და საერთაშორისო ვაჭრობა წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდებში უსაფრთხო და რეგულარული რჩება.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აბდულსალამი წერს, რომ იემენი ნაოსნობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ჰუთების მიმდინარე ოპერაციები თავდაცვითი ხასიათისაა და მხოლოდ მანამდე გამოცხადებული სამიზნეებით შემოიფარგლება. მან განაცხადა, რომ ოპერაციები დასრულდება, როგორც კი იემენზე თავდასხმები შეწყდება და ბლოკადა მოიხსნება.

დაჯგუფებამ თავდასხმები წამოიწყო წითელი ზღვის სტრატეგიულ ჰანიშის კუნძულებზე, რამაც აიძულა სამთავრობო ძალები და მათ მოკავშირეები სამხრეთით, დუბაბისკენ უკან დაეხიათ. დუბაბი უშუალოდ სრუტეზე მდებარეობს, პერიმის კუნძულის პირისპირ, განუცხადეს იემენელმა წყაროებმა Reuters-ს ხუთშაბათს. მათი თქმით, დუბაბსა და ხსენებულ კუნძულზე კონტროლი გადამწყვეტია სრუტის ხელში ჩასაგდებად.

ასევე ნახეთ

ბაბ-ელ-მანდების სრუტე - შემდეგი ცხელი წერტილი ირანის ომში?

საუდის არაბეთის იემენელ მოკავშირეებსა — საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასა — და ჰუსიტებს შორის საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ ირანის კონფლიქტში ომის მეორე სცენა შექმნა, რაც საფრთხეს უქმნის ენერგორესურსებისა და საქონლის გლობალურ მიწოდებას.

Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასები ხუთშაბათს ბარელზე 100 დოლარზე მაღალ ნიშნულზე მერყეობდა, რადგან მომარაგება როგორც ჰორმუზის სრუტის, ისე წითელ ზღვის გავლით, სერიოზულად შეფერხდა.


ჰორმუზის სრუტისთვის გვერდის ავლის მიზნით, საუდის არაბეთი დღეში მილიონობით ბარელ ნავთობს ტვირთავს თავისი იანბუს ნავსადგურიდან, რომელიც უფრო ჩრდილოეთით, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

ჰუთების მიერ ბაბ-ელ-მანდების სრუტის გაკონტროლება ქმნის საფრთხეს, რომ კიდევ უფრო შეფერხდეს სამეფოს მიერ აზიისთვის ნავთობის მიწოდება. მეამბოხე ჯგუფმა უკვე გამოაცხადა საზღვაო ბლოკადა საუდის არაბეთის — მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორის — წინააღმდეგ.


ბაბ-ელ-მანდები (არაბ. ცრემლების კარიბჭე), რომელსაც სახელი სახიფათო სანავიგაციო პირობების გამო ეწოდა, წარმოადგენს წითელი ზღვის სამხრეთ გასასვლელს, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე იემენსა და აფრიკის სანაპიროზე მდებარე ჯიბუტსა და ერიტრეას შორის. ეს მას უდიდეს ნადავლად აქცევს ჰუთებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებსა და ჩრდილოეთის უმეტეს ნაწილს.

ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი სპარსეთის ყურის ნედლი ნავთობისა და საწვავისთვის, რომელიც ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართება სუეცის არხის ან ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე არსებული სუეც-ხმელთაშუა ზღვის ნავთობსადენის გავლით, ისევე როგორც აზიისკენ მიმავალი პროდუქტის - რუსული ნავთობის ჩათვლით.

ჰუთებმა იემენის დედაქალაქი სანა 2014 წელს ჩაიგდეს ხელში და საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა სამხრეთით, ადენისკენ განდევნეს.
ირანის მხარდაჭერით, დაჯგუფების ლიდერმა, აბდულ-მალიქ ალ-ჰუსიმ, მთიელი მებრძოლების თავისი ფრაქცია ათობით ათასიან ძალად აქცია.

ასევე ნახეთ

იემენში ჰუთებსა და სამთავრობო ძალებს შორის სისხლიანი შეტაკებები მოხდა


ასევე ნახეთ

ამერიკელი კანონმდებლები არკვევენ პროირანელ იემენელ ჰუთებთან რუსეთისა და ჩინეთის მზარდ კავშირებს